საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია, რაც შეიძლება სწრაფად - ჰელმუტ გეუკინგი
საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია, რაც შეიძლება სწრაფად - ჰელმუტ გეუკინგი

A+ A-

13:21 15/09/2020

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას და საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად. საქართველო უნდა გახდეს სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა,  ჰელმუტ გეუკინგმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველის შესახებ დებატები გაიმართა.

მან ასევე საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა.

„ჩვენ ადგილზე ვნახეთ, თუ როგორ გადაიჭრა პრობლემატური საკითხები. საქართველო ძალიან მოქნილი იყო. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება მარტში შედგა. ეს იყო მართებული და წინგადაგმული ნაბიჯი. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოს ევროპულ სივრცესთან დაახლოებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას და საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და საქართველო სრულფასოვანი წევრი გახდეს. საქართველოს აქვს ამის უნარი და მე მათ ვუსურვებ ევროკავშირში მალე გაწევრიანებას. ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა საქართველოს მხარდაჭერა და დახმარება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან  ასოცირების შეთანხმების მიღების საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე საქართველოს შესახებ სხვა ევროდეპუტატებმაც ისაუბრეს.