ზუგდიდში გიული ალასანიას დასახელება გადაწყვეტილია - ვის ჩასვამს ვანო მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" კოალიციის გამსვლელ სიაში?
ზუგდიდში გიული ალასანიას დასახელება გადაწყვეტილია - ვის ჩასვამს ვანო მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" კოალიციის  გამსვლელ სიაში?

A+ A-

15:15 14/09/2020

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ზუგდიდში წარდგენა გადაწყვეტილია.ნაციონალური მოძრაობადღეს საარჩევნო ბლოკს -ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია ოფიციალურად გააფორმებს.  პარტიის პირველი პირი გრიგოლ ვაშაძე  ქუთაისიდან თბილისში უკვე ჩამოვიდა და ექსოცნებელ, დმანისელ ფეოდალთან, კახა ოქრიაშვილთან შეხვედრებს მართავს. ხვალ კი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა იგეგმება.  

წარდგენა კი იგეგმება, მაგრამ „2020NEWS“-ის ინფორმაციით, რადგან „ნაციონალური  მოძრაობა“ დამოუკიდებლად არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და კოალიციით შედის საარჩევნო ბრძოლაში, გამორიცხული არაა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამ კიდევ რამდენიმე დღით გადაიწიოს, რადგან  კოალიციის შიგნით სრული თანხმობის მიღწევა საკმაოდ ჭირს.

ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 25 საარჩევნო ოლქში  - 3-ს თბილისში და 22-ს  რეგიონებში დაასახელებს.

რაც შეეხება საარჩევნო სიის წარდგენას, პარტია კანონით გათვალისწინებულ ვადას, ბოლომდე გამოიყენებს და საარჩევნო სიას სექტემბრის ბოლომდე არ გაასაჯაროებს.

რძალ-დედამთილური ომი ზუგდიდში

სააგენტოს ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა  თბილისში გაიმართება. განსხვავებით წინა წლებისაგან, ამჯერად არჩევანი ქუთაისზე  აღარ გაკეთდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზი ისიც არის,  რომ მათი ინიციატივა პოლიტიკური აქტივობის ქუთაისში გადატანის შესახებ,  სხვა პარტიებმა წარმატებით „აიტაცეს“ და ამჯერად,  პოლიტტექნოლოგიური სვლა - ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქიდან დაიწყოს საარჩევნო კამპანია ოფიციალურად, ამომრჩევლისთვის სიახლე აღარ იქნება.

მეორე მხრივ, კი, პარტიაში აცხადებენ, რომ  პომპეზურ ღონისძიებაზე უარს  ამბობენ და ამაში მნიშვნელოვანი ფინანსების დახარჯვას აღარ გეგმავენ. მათივე თქმით, გაითვალისწინებენ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს და წარდგენა საქმიან რეჟიმში ჩაივლის.

რაც შეეხებათ მაჟორიტარობის კანდიდატებს, სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას დაყენება უკვე გადაწყვეტილია და ის ზუგდიდისთვის ბრძოლაში საკუთარ რძალს, სანდრა რულოვსს ჩაანაცვლებს. რუსლოვსმა ზუგდიდი ორჯერ წააგო,  ვნახოთ, დადებს თუ არა რძალზე მეტ შედეგს დედამთილი სამეგრელოს მთავარ ქალაქში.

ხოლო რაც შეხებათ სხვა კანდიდატებს, როგორც  ცნობილია,  პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე  ქუთაისის მანდატისათვის იბრძოლებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია  გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატია, ლევან ხაბეიშვილი - სამგორის, ხატია დეკანოიძემ კი ოპოზიციური ხმების „გადასარჩენად“, ისანში დააყენა თავისი კანდიდატურა. 

 

პარტიას  სამტრედია-წყალტუბოს ოლქში  გენერალი დევი ჭანკვეტაძე  ყავს წარდგენილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის, ხოლო ლევან ბეჟაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლის წყაროსა და სიღნაღში, დავით კირკიტაძე კი რუსთავისთვის იბრძოლებს. ფოთში - მურთაზ ზოდელავა, ხოლო ხაშური-ქარელის ოლქში ნატო ჩხეიძე შეეცდება ამომრჩევლის გულის მოგებას,  მარნეულში კი,  აზერ სულეიმანოვი სახელდება.     

როგორც უკვე აღვნიშნეთ საარჩევნო სიაზე  კონსულტაციები  ბლოკში შემავალ პარტიებთან კიდევ არ დასრულებულა, ამდენად, სიის პირველი ათეულის ან ოცეულის კი არა, საერთოდ სრული შემადგენლობის დადგენის პროცესი, შესაძლოა, თვის ბოლომდე გაგრძელდეს. 

საარჩევნო ბლოკში - „ნაციონალური მოძრაობა“ - ძალა ერთობაშია“  შემავალი პარტიების ლიდერები რა ადგილს დაიჭერენ საარჩევნო სიაში,  ჯერ კიდევ განხილვის თემაა. როგორც ირკვევა, შეთანხმება მიღწეულია „ევროპელ დემოკრატებთან“. პაატა დავითაია აცხადებს, რომ სიაში იქნება, სავარაუდოდ, თავს პირველ ათეულში მოიაზრებს. ასევე სიაში იქნებიან რესპუბლიკელები“ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

გადაწყვეტილია ქალთა კვოტის საკითხიც, რადგან გენდერული ბალანსის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე,  ქალებზე მოთხოვნა პოლიტიკურ პარტიებში  გაზრდილია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა ამ მხრივ არც აქამდე ქონია.  

„2020NEWS“-ის წყარო არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას -  პარტიულ სიაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას ჩასმის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან უარი თქვა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლაზე და არჩევნებში პარტიული სიით მონაწილეობას დათანხმდა. 

 

თუმცა, „2020NEWS“-ის ინფორმაციით, ვერა ქობალია, რომლის საქართველოში დაბრუნების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავს.  სამაგიეროდ, სიის პირველ ოცეულში სავარაუდოდ, იქნებიან: N4 - ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

სიის მიღმა, ბუნებრივია, ვერ დარჩება პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, თუმცა გამსვლელ სიაში, ჩვენი ინფორმაციით, ისიც ვერ მოხვდება, ისევე როგორც ძირძველი „ნაციონალები“ - გიორგი ბარამიძე და ნუგზარ წიკლაური.

„იმ ვანოს“ კაცები მთავარი ოპოზიციური პარტიის გამსვლელ სიაში

პარტია და ბლოკი მაჟორიტარი დეპუტატობის ზოგიერთ კანდიდატს გამსვლელი სიითაც გადააზღვევს. თუმცა კანდიდატების მასიური გადაზღვევა სიით ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან ამ ბლოკის მთავარ პარტიას წინასაარჩევნო გამოკითხვებში 11%-დან 16-20%-მდე უფიქსირდება ამომრჩევლის მხარდაჭერა.

არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს,  თუმცა, სიაში თავისი ხალხი გარანტირებულად ჩასმული ყავს  ექსპრემიერ და ყოფილ შს მინისტრს,  ვანო მერაბიშვილს. მას პარტიაში წარმოადგენენ:  pressa.ge-ის  რედაქტორი გიორგი კაპანაძერუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე და ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი ვაჟა ჩიტიშვილი. 

“2020NEWS”-ის ინფორმაციით, საარჩევნო სიის გამსვლელ ნაწილში აუცილებლად იქნება ასევე ვანო მერაბიშვილის „მარჯვენა ხელი“ დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, რომელიც კასპი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. გარდა იმისა, რომ  სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის კადრია და  2012 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებაზე“ ზონდერული თავდასხმებით გამოირჩეოდა. 

ჩვენი ინფორმაციით, გამსვლელ სიაში მოხვდება ასევე მაჟორიტარობის ორი კანდიდატი კახეთში გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი.

გამსვლელ სიაში თავის ადგილს ელოდებიან ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერებიც, მათ შორის, პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა  მაჭუტაძე, ხოლო თუ პარტიის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, როგორც დაანონსებული აქვს, ნამდვილად მოინდონებს არჩევნებში მონაწილეობას, მისთვის ადგილი პირველ სამეულშია გამოყოფილი და სიაში N2 იქნება, გრიგოლ ვაშაძის შემდეგ,  მე-3 ადგილს კი - ნიკა მელია დაიკავებს.  

რაც შეეხება პარტიის საპარლამენტო წარმომადგენელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლეს,  ნატო ჩხეიძეს,  მას მაჟორიტარი მანდატისათვის მოუწევს ბრძოლა და გამსვლელ სიაში, სავარაუდოდ, ვერ ვიხილავთ.

საარჩევნო სიის პირველ ოცეულში, ჩვენი ინფორმაციით,  „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძეც  მოხვდებიან.

შეგახსენებთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე, თითქმის, ორი კვირის გახსნილია. 31 ოქტომბრისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, 66 პარტიაა რეგისტრირებული. პარტიებს საარჩევნო სიის წარდგენისა და მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისათვის დრო სექტემბრის ბოლომდე ჯერ კიდევ აქვთ.

ახალი საარჩევნო სისტემით - 120/30, განსაზღვრული 30   სამაჟორიტარო ოლქიდან 8 თბილისშია, 22 - რეგიონებში. მმართველმა პარტიამ ყველას დაასწრო მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება და საარჩევნო სიის პირველი ოცეულიც უკვე წარადგინა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა „ლელომ“, მეტ-ნაკლებად ცნობილია „ევროპული საქართველოსა“ და სხვა პარტიების მაჟორიტატობის კანდიდატებიც.

ირინა მაკარიძე