23 ათასზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში, სექტემბერში 70 ავიარეისია დანიშნული - ზალკალიანი
23 ათასზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში, სექტემბერში 70 ავიარეისია დანიშნული - ზალკალიანი

A+ A-

13:27 04/09/2020

საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის გამო, ევროკავშირის 10 არაწევრ ქვეყანასთან ერთად კვლავ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 23 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ამასთან, როგორც ზალკანიანმა განაცხადა სექტემბერში 70 ფრენაა დაგეგმილი, მათგან 30 რეგულარული რეისია.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ზომები მიიღო ჩვენი მოაქალაქეების სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ საქართველოს 23 ათასზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები არსებობს, სექტემბერში 70 ფრენა არის დაგეგმილი. აქედან, თითქმის 30 რეგულარული რეისია. ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე ევროპიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების უსაფრთხოება. როგორ უსაფრთხოდაც მოდიან, ასევე უსაფრთხოდ უნდა წავიდნენ. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდება.

გუშინ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განაახლა და საქართველო კვლავ რჩება ამ სიაში ევროკავშირის 10 არაწევრ ქვეყანასთან ერთად. ეს არის აღიარება ჩვენი და ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების, რომელიც საქართველოს კვლავ ტოვებს უსაფრთხო ქვეყნების სიაში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 15 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 596 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 1294 -ს მიაღწია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსით, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 6 250- მოქალაქე, სავაადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 239 პაციენტი.