ღარიბია თუ რა ხდება?! - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ექს-მინისტრი დავით სერგეენკო?
ღარიბია თუ რა ხდება?! - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ექს-მინისტრი დავით სერგეენკო?

A+ A-

16:45 18/08/2020

ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მინისტრი დავით სერგეენკო, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას ისე იწყებს, რომ საზოგადოებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რატომ გააპარეს მთავრობის უკანა კარიდან ისე, რომ მიზეზი არავის უთქვამს.

 არც მას აუხსნია არავისთვის, რატომ დათმო,  ან დაათმობინეს ყველაზე წარმატებული მინისტრის იმიჯი და რატომ დაუთმო საკუთარი სავარძელი ივანიშვილების ოჯახის პირად სტომატოლოგს, ეკატერინე ტიკარაძეს, ან რატომ ბრუნდება ახლა, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის ხანა სრულდება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაისიც ახლოსაა. „2020NEWS“-მა პოლიტიკაში შემობრუნებული ექს-მინისტრის ქონებას გადახედა. რით წავიდა და რით ბრუნდება დავით სერგეენკო და რატომ არის მილიარდერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მოკრძალებული, მაშინ როცა, ბიძინა ივანიშვილის კარზე დაწინაურებულთა ქონება წლიდან წლამდე ასტრონომიური სისწრაფით გაიზარდა. რა წერია დავით სერგეენკოს დეკლარაციაში?

„ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ფლობს ერთადერთ ბინას თბილისში და ერთადერთ მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონში. დეკლარაციის ყველა სხვა გრაფა, რომელიც მის ქონებას უკავშირდება, ცარიელია. ღარიბია თუ ღარიბის იმიჯს ირგებს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მინისტრი?! - დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას მოქმედი მრჩევლი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წლებთან შედარებით არ შეცვლილა. სერგეენკო კვლავ ფლობს - 82 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელ ფართს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2006 წელს 49 ათას დოლარად აქვს შეძენილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს ლელა მიგრიაულს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, 2013 წელს საჩუქრად გადასცეს. თუმცა სერგეენკოს ბოლო დეკლარაციიდან ჩანს, რომ მეუღლემ ყოფილ მინისტრს მიწის 50% საჩუქრად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე შევსებულ დეკლარაციებში სერგეენკოს სახელზე დუშეთის რაიონ სოფელ ბულაჩაურში 1500 კვ.მ ფართის მიწა იყო დაფიქსირებული, რომელიც ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ვერ მოხვდა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტროს ყოფილი პირველი პირი ერთ ავტომობილს ფლობს, რომელიც Toyota Prado-ს მარკისაა და 2014 წელს 39 200 დოლარად არის შეძენილი.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მან საკუთარ ქალიშვილს 16 ათას დოლარიანი ავტომობილი აჩუქა. სულ ეს არის დავით სერგეენკოს დეკლარირებული ქონება. რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში მას საქართველოს ბანკში არსებულ სახელფასო ანგარიშზე 7023,39 ლარი ჰქონდა.

ცნობისათვის, დავით სერგეენკო თითქმის 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტრის პირველი პირი იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და მიმდინარე წელს იგი 4 მილიარდამდე ლარს შეადგენს.

ხატია მამულია