წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დააზიანეს
წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დააზიანეს

A+ A-

16:00 14/08/2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლის, გოდერძი ნარიმანაშვილის ინფორმაციით, წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნარიმანაშვილი წერს, მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელი წერს, რომ სამაროვანი ქვის წარწერები სტელებითაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად წარმოუდგენელია.

"დღევანდელი ამბავია - წალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა. მშენებლებს არ აქვთ პროექტი შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რამაც არქეოლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა და ნაწილი დააზიანა კიდეც. მშენებლები შუა საუკუნეების ნასოფლარს მიადგნენ და იქაც დააზიანებენ კულტურულ ფენებს. წალკის მუნიციპალიტეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის - არქეოლოგიური ძეგლები ზიანდება გზის და წყლის გაყვანის დროსაც. გამკითხავი კი არავინ ჩანს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველა ფაქტზე რეაგირებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძო კომპანიები აგრძელებენ არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება-განადგურებას. საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იცავდეს კონსტიტუციას და კანონს. დამრღვევებმა კი პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ქვეყნის წინაშე", - წერს ნარიმანაშვილი.