"მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილზე აქცენტირება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება"
"მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილზე აქცენტირება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება"

A+ A-

15:10 10/08/2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 6 აგვისტოს, CODVID-19-ის შედეგების წინააღმდეგ მიმართული, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი გააცნო საზოგადოებას.

გეგმა სოციალური მხარდაჭერის რამდენიმე მსხვილ მიმართულებას მოიცავს. ხელისუფლებას ვალდებულია, კრიზისგან მიყენებული დარტყმების შესარბილებლად საზოგადოებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველმა პარტიამ ანტიკრიზისული პაკეტები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენოს.

ამის დასაზღვევად, სულ ცოტა, აუცილებლია, მთავრობამ: საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო ხაზი გაავლოს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის. ცხადი უნდა იყოს, რომ სოციალური პროგრამების შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა მმართველი პარტიის კეთილი ნება; უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის მიერ, წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და არა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნული მანიპულაციები.

სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტესტის ჩაბარება, მეტწილად ბიძინა ივანიშვილის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო. ამის მაგალითია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ასეთი მასშტაბური სოციალური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა „StopCov ფონდში“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით.

იქამდე მან ეს უშუალოდაც განაცხადა. ფაქტობრივად იგივე პოზიცია ქონდა ფინანსთა მინისტრს, როდესაც თქვა, რომ ფინანსურად ამ მასშტაბურ კამპანიას ზურგს ფონდის მთავარი შემომწირველი (იგულისხმება მმართველი პარტიის თავმჯდომარე) უმაგრებს.

საია მიიჩნევს, რომ ასეთი შინაარსის გზავნილებით ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებს პერსონიფიცირებულ ხასიათს აძლევს და ხელს უწყობს სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ პარტიის კეთილ ნებასთან აფილირებას, მაშინ როცა ეს სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულებაა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პრობლემა არა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია, არამედ ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სტრატეგიაშია. ამის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ამომრჩევლის მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს", - აღნიშნულია განცხადებაში.