გია ყანჩელი დღეს 85 წლის გახდებოდა
გია ყანჩელი დღეს 85 წლის გახდებოდა

A+ A-

14:03 10/08/2020

მსოფლიოში აღიარებული, გენიალური კომპოზიტორი, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორი გია ყანჩელი დღეს 85 წლის გახდებოდა.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. თავდაპირველად მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგიის სპეციალობით დაამთავრა, რის შემდეგაც კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა.

1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა. 

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მას მუსიკა 50-მდე ფილმისთვის აქვს დაწერილი, მათ შორის, ცისფერი მთები, არ დაიდარდო, ქვევრი, არაჩვეულებრივი გამოფენა, მიმინო, შერეკილები, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, როცა აყვავდა ნუში და სხვა.

გია ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც მოახერხა და არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი, რასაც ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი მუსიკა ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, ტერენს მალიკმა თავის ფილმში, "სიცოცხლის ხეში" გამოიყენა.

გია ყანჩელს ეკუთვნის არაერთი აღიარებული მუსიკა, რომელიც მან კინოსთვის და თეატრისთვის შექმნა. ის ქმნიდა ორკესტრულ, კამერულ, საგუნდო და საოპერო ნამუშევრებს.

მას ასევე შექმნილი აქვს მუსიკალური ნამუშევრები ისეთი ცნობილი სპექტაკლებისთვის, როგორებიცაა კავკასიური ცარცის წრე, რიჩარდ III, ჰამლეტი, ქალი-გველი, მეთორმეტე ღამე, ხანუმა.

მისი კომპოზიციების ალბომები კი, იქნება ეს "ქარის მერე" თუ Themes from the Songbook თუ სხვა, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დიდებული კომპოზიტორი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია

1995 — ღირსების ორდენი

1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

1987 — პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის

1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია

1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი

1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია

2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში

საქართველოს სახალხო არტისტი

2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში "კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.