გუგუნებდა ქართული და სომხური ეკლესიების ზარები, თბილისი ყიზილბაშების 2 საუკუნოვანი ტყვეობიდან გათავისუფლდა...
გუგუნებდა ქართული და სომხური ეკლესიების ზარები, თბილისი ყიზილბაშების 2 საუკუნოვანი ტყვეობიდან გათავისუფლდა...

A+ A-

10:17 10/08/2020

1748 წლის 25 ივლისს  თბილისში  ერთად აგუგუნდნენ ქართული და სომხური ეკლესიის ზარები - თბილისი გათავისუფლდა 207 წლიანი ტყვეობიდან. 22 ივლისს  თაბორის მთაზე მდებარე  ციხე-ბურჯზე ბრძოლით აიჭრა თბილისელი შავერდა მხედრიშვილი. სივიწროვის გამო, ხელდახელ შეება მტერს  და სძლია,  იმავე დღეს თაბორის ციხეში მეფე ერეკლემ ქართველი მეომრები ჩააყენა. 25 ივლისს  კი  ნარიყალას ყველა ციხეზე ქართული დროშა ფრიალებდა.  27 წლის მეფე ერეკლეს  მოწოდებამ „ქუდზე  კაციო“ ერთ მუშტად შეკრა  საქართველო და  თავისუფლების  და თბილისის სიყვარულმა გააერთიანა ყველა, ვისაც კი იარაღის  ხელში აღება  შეეძლო. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ,  წლების მანძილზე  აღინიშნებოდა 25 ივლისი. სავარაუდოდ, 1795 წლის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ ეს გამარჯვებაც გადაფარა.  არადა,  არც  ეს დღეა  მისავიწყებელი, არც გმირების სახელებიდა არც ის, რომ „ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვდევს“.  

 შემთხვევით არაფერი ხდებაო და იქნებ არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ ივლისში, 4 ივლისს დაამტკიცა კონგრესმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია,  14 ივლისს კი ფრანგებმა  ბასტილია აიღეს.

1789 წლის 14 ივლისი - ბასტილიის აღების დღეა. დღე, რომელიც ეროვნულ დღესასწაულად იქცა და  მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნება.

1776 წლის 4 ივლისი - ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა  და დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკელებთან ერთად, უკვე მთელი მსოფლიო ზეიმობს.

1748 წლის 25 ივლისი კი ყიზილბაშების ორსაუკუნოვანი ბატონობისაგან თბილისის გათავისუფლების დღეა.  

მოამზადა ნინო გედენიძემ