ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო - სააკაშვილი
ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო - სააკაშვილი

A+ A-

18:02 07/08/2020

მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში, ჰააგის სასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, შეიტანეს დამოუკიდებელი დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ ქართული მხარე აგვისტოს ომის დაწყებაში დამნაშავე არაა.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰააგადან, საგანგებო ჩართვის დროს გააკეთა.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ასევე თეა წულუკიანმა და სუსმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო. მათი უშუალო მონაწილეობით, საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა, სწორედ ქართველი ჯარისკაცები დაედანაშაულებინა ომის დაწყებაში.

"საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და გაამტყუნებდა ქართველ ჯარისკაცებს. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისიტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო, როგორც მინიმუმ, ორივე მხარე.

ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას - დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.