"გირჩი" თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას იწყებს
"გირჩი" თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას იწყებს

A+ A-

18:04 04/08/2020

„გირჩმა“ შესაძლოა, თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელოს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ უარი ვთქვით მაჟორიტარების დაყენებაზე თუ ოპოზიცია შეთანხმდებოდა საერთო კანდიდატებზე. სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა და შესაბამისად, ადამიანებს, რომელთაც სურთ მაჟორიტარად დადგომა, უარს ვერ ვეტყოდით ამ არგუმენტით. ზოგადად, როცა არჩევნები ტარდება, პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. თუ არ მონაწილეობს, ამის ლოგიკური ახსნა არ არსებობს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ ყველა სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატს არ დააყენებს.

„წარვადგენთ იქ, სადაც გამოჩნდება კონკრეტული ადეკვატური კანდიდატი და მოიპოვებს „გირჩის“ გულშემატკივართა მხარდაჭერას. ეს იქნება თბილისშიც და რეგიონებშიც, მაგრამ არა ყველგან. მაგალითად, თბილისში თავს შევიკავებთ იმ ადგილას დაყენებისგან, სადაც არსებობს შეთანხმება და არც რეგიონებში დავაყენებთ ყველგან. სადაც მივიღებთ მონაწილეობას, იქ მეტი პროპორციული ხმების მოპოვებასთან ერთად, ჩვენი მიზანი იქნება თანამოაზრეთა პოვნა, ახალი ადამიანების გაცნობა და ადგილობრივი არჩევნებისთვის გუნდის შექმნა. შესაბამისად, სადაც გამოჩნდებიან ამ მიზნისთვის შესაფერისი ადამიანები, იმ ოლქებში მივიღებთ მონაწილეობას“,- ამბობს სააგენტოსთან საუბარში იაგო ხვიჩია.

პარტიის ლიდერის თქმით, მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაც ზუსტად ისეთივე წესით, ციფრული ვალუტის მეშვეობით მოხდება, როგორც პროპორციული საპარლამენტო სიის პირველი ათეულის შერჩევა მოხდა.

„მაჟორტარობის კანდიდატებს შევარჩევთ იგივე წესით. „გირჩის“ ციფრული ვალუტის GED (ქართული დოლარი)-ის მფლობელები, გირჩის პორტალზე girchi.com კენჭისყრის შედეგად, ყველა ადამიანს, რომელიც სურვილს გამოთქვამს მაჟორიტარობაზე კენჭს ვუყრით და გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო მაღალ მხარდაჭერას მოიპოვებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

საპარლამენტო არჩევნები მიმიდნარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მარიამ მაჭარაშვილი