ბუსა ჟვანიამ შესაძლოა საავადმყოფო დღეს ან ხვალ დატოვოს
ბუსა ჟვანიამ შესაძლოა საავადმყოფო დღეს ან ხვალ დატოვოს

A+ A-

12:06 04/08/2020

ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერმა, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პაციენტი კონტაქტურია, ლევან თოფაძე მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.

„მინდა გითხრათ, რომ ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, ჯერჯერობით, ორივე პაციენტს უტარდება მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმებულა. ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ორივე პაციენტი კონტაქტურია და ადეკვატურია. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა კვაჭაძემ.

შეგახსენებთ,  თბილისში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის სახლში მისი  შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანიაა დაკავებული. ჟვანიას ბრალი გუშინ  ოფიციალურად წარუდგინეს.