ისრაელმა სირიას საპასუხო საჰაერო დარტყმები მიაყენა - 15 ადამიანი დაიღუპა
ისრაელმა სირიას საპასუხო საჰაერო დარტყმები მიაყენა - 15 ადამიანი დაიღუპა

A+ A-

11:31 04/08/2020

 

ისრაელის თვითმფრინავმა სირიის სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ისრაელის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, საჰაერო დარტყმები ისრაელის არმიის საპასუხო ქმედება იყო, რომელიც ისრაელის არმიამ სირიის მხრიდან დაბომბვის მცდელობის გამო განახორციელა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ მიერ განხორციელებული ავიაიერიშის სამიზნე ელ-კუნეიტრაში განთავსებული სირიის არმიის ბაზების "სადამკვირვებლო პოსტები, სადაზვერვო სისტემები, საზენიტო საარტილერიო ობიექტები და კონტროლის სისტემები" იყო.

ავიაიერიშამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია 4 ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც, მათი მტკიცებით, გოლანის მაღლობების ისრაელის მიერ ოკუპირებული ნაწილის ახლოს ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამონტაჟებდნენ. საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაცია სირიის სახელმწიფო მედიამაც დაადასტურა. მათი ცნობით, დედაქალაქ დამასკოს ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტებს "მატერიალური ზიანი" მიადგა. სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციამ კი განაცხადა, რომ საჰერო იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისათვის, ისრაელსა და სირიას შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი კვირის წინ ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად სირიაში ჰეზბოლას მებრძოლი დაიღუპა.