როგორ მოარგო თბილისის მერიამ 30-მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ ფირმას
როგორ მოარგო თბილისის მერიამ 30-მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ ფირმას

A+ A-

01:05 04/08/2020

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მოარგო თბილისის მერიამ 30 მილიონიანი ტენდერი ერთ კონკრეტულ კომპანიას და რითი ასაბუთებენ პოტენციური მიმწოდებლები მერიის დისკრიმინაციულ მიდგომას

თბილისის მერიის კუთვნილმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” 15 ივლისს ტენდერი გამოაცხადა. კომპანია აპირებს 30 მილიონ ლარად შეიძინოს 300 მიკროავტობუსი, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში ყვითელ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ტენდერი კონკრეტულ ავტომანქანასა და საქართველოში მის ერთადერთ დილერ კომპანია “ჯი-თი გრუპზეა” მორგებული. ტენდერის მორგება კანონდარღვევაა.

2020 წელს 300 ცალი M2 კლასის ავტობუსის, იგივე მიკროავტობუსის, შესყიდვის ტენდერი თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ორჯერ გამოაცხადა: პირველად აპრილში, თუმცა თბილისის მერის, კახა კალაძის, გადაწყვეტილებით, ტენდერი მაშინ გაუქმდა. მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა. განმეორებით ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა

რადიო თავისუფლებას ტენდერის პირველივე გამოცხადებისას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კონკურსი ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტზე” იყო მორგებული და სხვა საავტომობილო კომპანიებს მასში მონაწილეობა სატენდერო პირობებით ჰქონდა შეზღუდული. 

ტომ და როგორ ცხადდება ტენდერი? მცირე განმარტება 

პირველი ეტაპი: ბაზრის კვლევა

როდესაც სახელმწიფო დაწესებულება ტენდერით, მაგალითად, ავტომანქანების შესყიდვას გადაწყვეტს, პირველ რიგში ადგენს ზოგად მოთხოვნებს, რა კლასის და რა დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება სჭირდება და რა ფასად სურს შესყიდვა.

შემდეგ წერილობით ეკითხება ბაზარზე არსებულ ავტოდილერებს, ამ მოთხოვნების მიხედვით, რისი შეთავაზება შეუძლიათ. დილერები მანქანების მოდელების დეტალებსა და ფასს უგზავნიან შემსყიდველს. 

მეორე ეტაპი: ტენდერის გამოცხადება

ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ შემსყიდველ დაწესებულებას უკვე აქვს წარმოდგენა ბაზარზე არსებული ავტომანქანების შესახებ და აცხადებს ტენდერს.

შემსყიდველი უნდა შეეცადოს კვლევაზე დაფუძნებით ისეთი სატენდერო პირობები შექმნას, რომ კონკურში რაც შეიძლება მეტმა ბრენდმა შეძლოს მონაწილეობის მიღება. ამოცანა ასეთია: ხარისხისა და ფასის შეჯიბრებით გამოვლინდეს საუკეთესო და, ამავე დროს, დაიზოგოს სახელმწიფო რესურსები.

კანონით დაუშვებელია ტენდერის რომელიმე ბრენდზე მორგება ან ისეთი მოთხოვნების დაწესება, რომლებიც გარკვეულ კომპანიებს ხელოვნურად შეუზღუდავს ტენდერში მონაწილეობას. ტენდერის მორგება კონკურენციას სპობს და სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს. 

როგორ და რატომ მოარგეს ტენდერი კონკრეტულ მომწოდებელს? ფაქტები 

ტენდერი #1

აპრილში თბილისის მერია ერთი მიკროავტობუსის შეძენას, დაახლოებით, 31 ათას დოლარად აპირებდა. რადიო თავისუფლება ბაზარზე არსებულ იმ კომპანიის წარმომადგენლობებს დაუკავშირდა, რომლებსაც შესაბამისი კლასის და ფასის ავტომანქანების მიწოდება შეეძლოთ. კომპანიების ნაწილის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ტენდერის პირობები ისე იყო შედგენილი, რომ მასში მონაწილეობას ვერ იღებდნენ. მათ რამდენიმე შემზღუდველი მოთხოვნა დაგვისახელეს:

დოკუმენტაციის შესწავლით და სპეციალისტებთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ ტენდერის მოთხოვნებს სრულად მხოლოდ ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტი“ აკმაყოფილებდა; 29-მილიონიან ტენდერში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლო მონაწილეობა. 

ტენდერის მიმდინარეობისას 2020 წლის აპრილში რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიაში სამი წერილი გაგზავნა. ვითხოვდით ბაზრის კვლევის დოკუმენტაციას და იმ ავტომანქანების ჩამონათვალს, რომლებიც გარდა „ფორდ ტრანზიტისა“, მერიის სატენდერო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. ქალაქის მერმა ამასობაში აპრილში გამოცხადებული ტენდერი გააუქმა.

ტენდერი #2

მიკროავტობუსების შესყიდვის სატენდერო კონკურსი 15 ივლისს ხელახლა გამოცხადდა. მუნიციპალიტეტი კვლავ 300 ავტომანქანას ყიდულობს - ამჯერად, ჯამში, 30 მილიონ ლარად.

მეორე ტენდერში მოხსნილი იყო პირველ ტენდერში არსებული შეზღუდვების ნაწილი, რის წყალობითაც, ერთი შეხედვით, სხვა ბრენდებისთვისაც უნდა გახსნილიყო გზა. მაგრამ ახალ ტენდერში ერთი ისეთი პირობა დაემატა, რომელმაც „ფორდი“ ისევ უკონკურენტოდ დატოვა.

მაგალითად, „ჰიუნდაის“ ჰყავს M2 კლასის მიკროავტობუსი, ფასშიც ჯდება, ზოგად პარამეტრებშიც, თუმცა ვერ აკმაყოფილებს 1 მოთხოვნას - M2 კლასის ავტომანქანების წარმოების 30-წლიან გამოცდილებას.

მეორედ გამოცხადებისას ტენდერში რაღაცები შეცვალეს, ორ “სკატიანის” და უკანა წამყვანის მოთხოვნა ამოაგდეს, მაგრამ დატოვეს 30-წლიანი გამოცდილება, ასევე დაამატეს საქართველოში დილერობის 10-წლიანი სტაჟი. ჩვენ 10-წლიანს ვაკმაყოფილებთ, 30-წლიანს ვერა, თუმცა ეს 10-წლიანიც ისეთია, ვიღაცა მოკლეს ამით, აი, 9 წელი რომ იყოს, რა პრობლემაა?” - ამბობს „ჰიუნდაის“ დილერი კომპანიის წარმომადგენელი, ვადიმ აკოფიანი, და განაგრძობს: “წესით, ისევ „ფორდზეა“ მორგებული, სხვა, არა მგონია, ვინმე იყოს”.

10-წლიანი დილერობის მოთხოვნით ტენდერში ვერ მონაწილეობენ საქართველოში “რენოს” და “ფიატის” დილერი კომპანიები.

ამ მონაცემებით ვერ შევდივართ ამ ტენდერში, თვეები გვაკლდება, 10-წლიან მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ”, უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანია “სტრადა მოტორსის” („ფიატის“ დილერი) წარმომადგენელმა, ირაკლი ბიბიჩაძემ.

10-წლიანმა შეზღუდვამ ჩამოაშორა ტენდერს “რენოც”.

“ისეთი მოთხოვნებია ჩადებული, რომ ჩვენ გამოვეთიშეთ, 10-წლიანი დილერობის მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. რეალურად არასწორი მოთხოვნაა ეს 10 წელი. როცა ტენდერში დევს მოთხოვნა, რომ კომპანიას ბოლო 3 წელში 30 მილიონზე მეტი ბრუნვა უნდა ჰქონდეს და ამას ვაკმაყოფილებთ, 10-წლიანი დილერობა რაღა საჭიროა? 30- მილიონიანი ბრუნვით, უამრავი შესრულებული სახელმწიფო შესყიდვით კომპანიის სანდოობა დადასტურებულია და ეს 10-წლიანი რას ემსახურება?

ამ კლასის, ამ პარამეტრების ავტომანქანებში ბაზარზე 3 პრეტენდენტი ვართ: „ფიატი“, „რენო“ და „ფორდი“. აქედან ორი ჩავეხსენით. ამ ტენდერში ამ კლასის სხვა ბრენდები - მაგალითად, „მერსედესი“ - ვერ შევა სიძვირის გამო. გამოვიდა, რომ ჩაგვხსნეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას “რენოს” სადილერო კომპანიის წარმომადგენელმა, თამარ მეტრეველმა.

ერთ-ერთმა დილერმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” 10-წლიანი მოთხოვნის დაკორექტირება ოფიციალურად სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო:

„ფორდის“ დილერი საქართველოში კომპანია „ჯი-თი მოტორსია“, რომელსაც „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. კომპანიამ კითხვები წერილობით გაგვაგზავნინა, თუმცა აღარ გვიპასუხა.

არსებობს თუ არა რაიმე კავშირი „ფორდის“ წარმომადგენლობასა და ხელისუფლებას შორის? კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა 2016-18 წლებში “ქართულ ოცნებას“ “ და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნოდ, ჯამში, 160 ათას ლარამდე შესწირეს. აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა ავტობუსების ტენდერში და მუნიციპალიტეტის დაკვეთით „ისუზუს“ ფირმის მწვანე ავტობუსები შემოიყვანა.

ბოლო 5 წელში ჯი-თი გრუპს თბილისის მერიისგან 5 მილიონზე მეტი ლარი, ტენდერის გარეშე პირდაპირი კონტრაქტით აქვს მიღებული.
მათ შორის ყველაზე მსხვილი 2019 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებაა, რომელიც მერიის კუთვნილ თბილსერვის ჯგუფს და ჯითი გრუპს შორის ტენდერის გარეშე გაფორმდა და ჯამში 3 მლნ 322 ათას ლარის ღირებულებისაა, ამ კონტრაქტის ფარგლებში კომპანიამ მერიას 90 ერთეული მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერი მიაწოდა, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდა. ერთი ცალი მიწისქვეშა ბუნკერი მერიას 31 ათასი ლარი დაუჯდა.

აღნიშნული ტენდერი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა კომპანია “ფრანს ავტომ”. კომპანია მიუთითებს, რომ ტენდერი ზღუდავს კონკურენციას, უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ კომპანიას, ირღვევა კონსტიტუცია და არაერთი კანონი. „ფრანს ავტო“ ითხოვს,10-წლიანი სადილერო გამოცდილება 5 წლამდე შემცირდეს. ახლა გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ უნდა მიიღოს.

წყარო:"რადიო თავისუფლება"