ლევან ბეჟაშვილი VS დავით სონღულაშვილი - ვის აირჩევენ "უბატონო ქიზიყელები" და საგარეჯო-გურჯაანელები მაჟორიტარად?!
ლევან ბეჟაშვილი VS დავით სონღულაშვილი - ვის აირჩევენ "უბატონო ქიზიყელები" და საგარეჯო-გურჯაანელები მაჟორიტარად?!

A+ A-

13:11 15/07/2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კახეთის ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სავარაუდოდ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი  იბრძოლებს.  ამის შესახებ ინფორმაცია “2020NEWS”-ს თავად ბეჟაშვილმა დაუდასტურა.

როგორც სააგენტოსთან საუბარში კახეთის რეგიონის ყოფილი რწმუნებული აცხადებს, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩემს კანდიდატობასთან დაკავშირებით სიმართლესთან ძალიან ახლოს არის. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გავავრცელებთ ინფორმაციას“, - განუცხადა “2020NEWS”-ს ბეჟაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ „უბატონო ქიზიყელ“ კანდიდატს, ლევან ბეჟაშვილს  „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანელი დავით სონღულაშვილი დაუპირისპირდება.

“2020NEWS”-ის ინფორმაციით, გურჯაანის მოქმედი დეპუტატის სონღულაშვილის ახლა უკვე საგარეჯო-გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში წარდგენა მმართველ გუნდში უკვე გადაწყვეტილია.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით,  2020 წლის ოქტომბრიდან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კახეთის რეგიონიდან 6 მაჟორიტარის ნაცვლად მხოლოდ 2 იქნება წარმოდგენილი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მეორე ,,კახური მანდატისთვის“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მხარის მოქმედი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი იბრძოლებს.

თვისობრივად, ეს არჩევნები ყოფილი და მოქმედი გუბერნატორების, ასევე  ყოფილი გუბერნატორის შვილის პოლიტიკური ორთაბრძოლის ადგილი იქნება.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი მოქმედი გუბერნატორია, „ნაციონალი“ გიორგი ბოტკოველი გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი ასევე ყოფილი გუბერნატორია, ხოლო მისი ძირითადი კონკურენტი დავით სონღულაშვილი შევარდნაძის დროინდელი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის შვილია.

ცნობისათვის, საპარლამებტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.