საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსი დავით ცინარიძე თავისუფალია
საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსი დავით ცინარიძე თავისუფალია

A+ A-

17:19 14/07/2020

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე თავისუფალია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,ცინარიძის პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ იყო და შესაბამისად, პოლიციის მაღალჩინოსანი საპატიმროდან გათავისუფლდა.

როგორც „2020NEWS“-ს დავით ცინარიძის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა, სასამართლომ მიიღო დაცვის მხარის შუამდგომლობა და ცინარიძე გაათავისუფლა.

„სასამართლო მივიდა იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ცინარიძის პატიმრობაში ყოფნა არ იყო მიზანშეწონილი და დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და გაათავისუფლა იგი, შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, თავისუფლებით საქმის საბოლოო დასრულებდამდე. როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ საქმეს სასამართლო პერსპექტივა არ ექნება და დასრულდება დავით ცინარიძის გამამართლებელი განაჩენით.

მართალია მოგვიანებით, მაგრამ ფაქტია, სასამართლომ გაითვალისწინა ის არგუმენტაცია, რა არგუმენტაციითაც თავისუფლების აღკვეთა არც საწყის ეტაპზე და არც ახლა არ არის საჭირო. მინდა განვმარტო, თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს იმას, დაუდასტურდა თუ არ დაუდასტურდა დავით ცინარიძეს დანაშაული. ბრალის დადასტურება-არ დადასტურება აისახება სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში, რასაც განაჩენი ეწოდება. დავით ცინარიძის მიმართ აუცილებლად გამოვა გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ იქამდე ჩატარდება სასამართლო გამოძიება.

როდესაც ბრალდების მხარემ შეკრიბა ყველა მტკიცებულება და წარმოადგინა სასამართლოში, უკვე ნათელი გახდა, რომ არანაირი ფორმალური საფრთხე აღარ ემუქრებოდა მტკიცებულებების შეგროვებას, მართალია არც თავიდან ემუქრებოდა, რის შემდეგაც სასამართლომ სრულიად გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ არ არსებობდა ყველაზე მაღალი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და დავით ცინარიძის გათავისუფლება მოხდა.

მისი გათავისუფლება არ ნიშნავს ბრალეულობაზე საუბარს, ეს ნიშნავს დროებით ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც პირი სასამართლოს დასრულებამდე იმყოფებოდეს თუ არა თავისუფლებაზე ან ანთავისუფლების აღკვეთაში“,- განაცხადა კახა ხვისტანმა.

ცნობისთვის, დავით ცინარიძე მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

აღსანისნავია, რომ ცინარიძის ირგვლივ სკანდალი პირველად არ განვითარებულა. იგი ჯერ კიდევ 2015 წელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორობიდან გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი დავით ცინარიძის და მისი მოადგილის სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა.