სომხეთის პრემიერის მეუღლე, ანა ფაშინიანი, აზერბაიჯანელ ქალებს მიმართავს
სომხეთის პრემიერის მეუღლე, ანა ფაშინიანი, აზერბაიჯანელ ქალებს მიმართავს

A+ A-

18:04 13/07/2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა ფაშინიანი აზერბაიჯანელი ქალებისადმი მიმართვას ავრცელებს.

როგორც ანა ფაშინიანი აცხადებს, აზერბაიჯანელმა ქალებმა, დედებმა და დებმა უნდა ჰკითხონ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა შეიძინეს საკუთარი ახლობლების დაკარგვის, პირადი ტრაგედიის ფასად და რა უშლის ხელს პრობლემების განხილვას მშვიდობიან პირობებში, მოლაპარაკების გზით.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დაძაბულია, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულმა მხარემ ოთხი სამხედრო დაკარგა. როგორც კამპანიის „ქალები მშვიდობის სახელით“ ინიციატორი, მივმართავ აზერბაიჯანელ ქალებსა და დედებს, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ მმართველობას, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, არ ჩააგდონ საფრთხეში აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვების სიცოცხლე. აზერბაიჯანელმა ქალებმა, დედებმა და დებმა უნდა ჰკითხონ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა შეიძინეს საკუთარი ახლობლების დაკარგვის, პირადი ტრაგედიის ფასად და რა უშლის ხელს პრობლემების განხილვას მშვიდობიან პირობებში, მოლაპარაკების გზით. განსაკუთრებით პანდემიის დღეებში, სახელმწიფოს მეთაურებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზრუნვისკენ, რომ მათი ქვეყნები და მოსახლეობა დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს,  იბრძოლონ საერთო მტრის, ეპიდემიის წინააღმდეგ. საყოველთაო დაზავების შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების გათვალისწინება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ სახელმწიფოთა ლიდერებს. ომებს ყოველთვის უნდა ერიდო, ყოველთვის არსებობს ალტერნატივა“, – აცხადებს ანა ფაშინიანი.