ექსკლუზივი: უახლოეს მომავალში საქართველოს ბევრი ქალაქის მერს გადააყენებენ! - რისთვის ემზადება "ოცნება"?!
ექსკლუზივი: უახლოეს მომავალში საქართველოს ბევრი ქალაქის მერს გადააყენებენ! - რისთვის ემზადება "ოცნება"?!

A+ A-

17:25 13/07/2020

“ქართული ოცნება“ დიდი საკადრო წმენდისთვის ემზადება. უახლოეს მომავალში ქალაქებისა და რაიონების მერების უმეტესობას თანამდებობიდან გადააყენებენ.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების გარდა, საქართველოს ბევრი ქალაქი ახალ თავკაცს აირჩევს. მერობის ახალი კანდიდატები გრიგოლ ლილუაშვილის უწყების რეკომენდაციების საფუძველზე შეირჩევა.

როგორც “2020NEWS”-ს მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი უყვება, „ქართული ოცნება“ მერების „ბართლომეს ღამე“ მოახლოებულ არჩევნებს და მათ დაბალ რეიტინგს და ნდობის დაბალ ხარისხს უკავშირდება. 2 დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდებოდა, მართალია ამ ეტაპზე არ დასტურდება, მაგრამ ფაქტია, ეს ინფორმაცია რეალურია, რადგან კომახიძე იძულებით შვებულებაში იმყოფება და მისი უკან მობრუნება დაგეგმილი არ არის.

გადასაყენებელთა სიაში ერთ-ერთი პირველები თელავისა და რუსთავის მერები არიან. „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მარცხი ჯერ კიდევ ვერ მოინელა. ამას ისიც ემატება, რომ რუსთავისა და თელავის მერებს ძალიან დაბალი რეიტინგი და ნდობა აქვთ. მოახლოებული უმნიშვნელოვანესი არჩევნების ფონზე კი „ოცნებისთვის“ სრული მობილიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ის, რომ მერების გადაყენების პროცესი უკვე დაწყებულია, ამას ისიც ადასტურებს, რომ დღეს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობიდან გადადგა. თოფურიძე იმ მერების ვრცელ ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებმაც საზოგადოებისთვის „მოულოდნელად“ და „ქართული ოცნებისთვის“ „მოსალოდნელად“ თანამდებობები დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემდეგი მუნიციპალიტეტების მერები გამოემშვიდობნენ თანამდებობებს, ესენია: ზესტაფონის, ქუთაისის, კასპის, ონის, თერჯოლის, ხარაგაულის და დიდი ალბათობით, ბათუმის მერები.

ერთ-ერთი პირველი ვინც მერის თანამდებობას გამოემშვიდობა ზესტაფონის ყოფილი მერი კახაბერ მახათაძე იყო. მან თანამდებობა ისე დატოვა, რომ წასვლის მიზეზები საზოგადოებისთვის არ განუმარტავს.

"ვინც მიცნობს იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს არის ერთ-ერთი საშუალება ემსახურო შენს ხალხსა და შენს ქვეყანას. პირობას გაძლევთ, რომ ამ ზრუნვას არასოდეს შევწყვეტ და ყველა ჩემს ხელთ არსებულ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ჩემი ქვეყანა უკეთესი გახდეს", - ეს კომენტარი გაავრცელა მაშინ გადამდგარმა მერმა.

ერთ-ერთი სკანდალური და ხმაურიანი იყო ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომის საკითხი. ჭიღვარიამ წასვლის მიზეზებზე ღიად არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ არა მარტო მერის თანამდებობას ტოვებდა, არამედ პოლიტიკიდანაც მიდიოდა და აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავდა.

“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს”, - თქვა მაშინ ჭიღვარიამ გავრცელებულ წერილში.

მიმდინარე წლის მარტში თანამდებობა დატოვა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმაც. მან წასვლის მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლა დაასახელა. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, მას უთანხმოება ჰქონდა შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან.

ერთ-ერთი ხმაურიანი საკითხი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, კახაბერ საბანაძის მამისა და ონის მერის, ემზარ საბანაძის გადადგომის საკითხიც. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, საბანაძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ გოჩა ენუქიძესთან და გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან დაპირისპირებას შეეწირა.

რაც შეეხება თერჯოლის მერს, ბონდო სოფრომაძემაც გადადგომის შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნამდვილი მიზეზები საზოგადოებისთვის არ განუმარტავს. სოფრომაძე გადადგომის მიზეზად მხოლოდ პირადი მიზეზები დაასახელა.

მორიგი მერი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შესაძლო დაპირისპირების გამო, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს ეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა. მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში კომახიძის შესაძლო გადადგომის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა დღეს საზოგადოებამ შეიტყო, რომ იგი შვებულებაში გავიდა და ჯერ თანამდებობა არ დაუტოვებია.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე მმართველმა გუნდმა კომახიძე სავარაუდოდ, „პოლიტიკურ შვებულებაში“ გაუშვა, რის შემდეგაც შვებულებას კიდევ უფრო გაუხანგრძლივებენ ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე პოლიტიკურად ცხელი ოქტომბრის არჩევნები გადაივლის