შაქარაშვილის ოჯახსაც ისეთივე ტკივილის და ბრძოლის გავლა მოუწევს, რასაც მე გავდივარ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
შაქარაშვილის ოჯახსაც ისეთივე ტკივილის და ბრძოლის გავლა მოუწევს, რასაც მე გავდივარ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

A+ A-

12:57 13/07/2020

ტრაგიკულად გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც სიმართლის გარკვევას და შვილის მკვლელების დასჯას ამ დრომდე ითხოვს.

როგორც მაჩალიკაშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ არის კრიმინალური კლანი და სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში „ფეხი აქვს მოკიდებული“.

„ერთი პროცენტის მეასედითაც კი არ მაქვს იმის იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს. ობიექტურობა აქ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. საერთოდ გამოიძიებს კი არა, ეს სტრუქტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე სადმე გააფუჭონ და თავის სასარგებლოდ წარმართონ. სამწუხაროდ, მგონია, რომ ამ ოჯახსაც ისეთივე ტკივილისა და ბრძოლის გავლა მოუწევს, რასაც მე გავდივარ. არა მარტო დღეს, ეს სისტემა, ეს ხელისუფლება, ეს საგამოძიებო სტრუქტურები თუ სასამართლო, არის ჩიხში მომწყვდეული ერთი ადამიანისგან. არიან დაბეჩავებულები და დამონებულები.

აქ არ არიან გამომძიებლები, მოსამართლეები და პროკურორები, აქ არიან კრიმინალები. ყველა დანაშაულში ჩარეულები არიან კრიმინალები, ძალოვანი სისტემის გავლენიანი პირები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადაიანები. ეს კლანები შექმნილია ძალიან გააზრებულად და დაგეგმილად, რომ ყველაფერი მოაგვარონ თავიანთ ნებაზე, რადგან ნებისმიერი ადამიანი დაჩაგრონ და გააუბედურონ. მხოლოდ ეს კი არა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ისიც რომ დღევანდელ სახელმწიფოში ადვოკატების 95%-იც კი, მოსყიდული და დაშინებულია.

ასეთი სისტემის პირობებში გვიწევს ყოფნა. ამის გათავლიწინებით, რომელ გამოძიებაზე და ობიექტურობაზეა საერთოდ საუბარი. არანაირი ობიექტური გამოძიება არ იქნება. მაგალითად ექსპერტიზა, რომ ავიღოთ, სამხარაულის ექსპერტიზაც კი პირდაპირ მოსყიდული და დაშინებულია, რადგან ყველგან თარეშობს კრიმინალთა კლანი, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის თავად კრიმინალური კლანი და ესენი ერთად არიან ყველა საქმეში“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას შვილომოკლული მამა უსანძიმძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს.

„განსაკუთრებული მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ საშინელი ტრაგედიის გამო. მე ყველაზე მეტად ვგრძნობ, რას განიცდიან ახლა გიორგი შაქარაშვილის მშობლები“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 10 ივლის გასაჯაროვდა. დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

მარიამ მაჭარაშვილი