საზღვრების გახსნის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღა დაიწყოს - ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას აფასებს
საზღვრების გახსნის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღა დაიწყოს - ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას აფასებს

A+ A-

12:44 11/07/2020

"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ არსებობს" - ეს არის ციტატა ანგარიშიდან, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის.

ეს უკვე მესამე ანგარიშია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მიმოიხილავს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, როგორ ასრულებენ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები დათქმულ პირობებს. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო კვლავ ლიდერობს. 

აღნიშნული ჩანაწერი, საქართველოში ოპოზიციის მიერ ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. 

"საქართველოს რომ ჰქონოდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რომ გამდიდრებულიყო ის, როგორც შეეძლო - ასეთ შემთხვევაში უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩნდებოდა სურვილი, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. კორუფციის თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე დაბრუნება ჩვენს რეალობაში, "ქართული ოცნების" პირობებში გარდაუვალი იყო და ეს ევროკომისიის ამ კონკრეტულ მაგალითშიც არის ასახული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი.

ოპოზიციაში ასევე არ გამორიცხავენ, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ,  საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღა დაიწყოს.

"პანდემიის შედეგად უმუშევრობა იზრდება - ეს ფაქტია. შესაბამისად, როდესაც საზღვრები გაიხსნება, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღა დაიწყოს, რასაც სწორი მართვა სჭირდება. 

თუმცა, ძალიან რთულია, ადამიანს შეუზღუდო წასვლა იმ პირობებში, როდესაც ქვეყენაში დასაქმების სერიოზული პრობლემებია. ფაქტია, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მითითებად არის ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ეს პრობლემა არამარტო საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს შეეხება,"- აღნიშნავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი. 

წყარო: რუსთავი 2