გიორგი შაქარაშვილის ოჯახი "ტოიოტა ქამრიში" მჯდომი ექვსივე პირის დასჯას ითხოვს
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი "ტოიოტა ქამრიში" მჯდომი ექვსივე პირის დასჯას ითხოვს

A+ A-

17:23 10/07/2020

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ ექვსივე პირი, რომელიც იჯდა საბედისწერო ღამეს "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანაში მიეცეს პასუხისგებაში. ამის შესახებ "2020NEWS"-ის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

ნიკოლაძის თქით, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ შაქარაშვილი მოკლეს.

"წარმოუდგენელია, რომ ის დაზიანებები, რაც გიორგი შაქარაშვილს აღენიშნება, ადამიანს მიადგეს თუნდაც ფერდობზე ჩაგორების, სირბილის დროს. დაზიანებები ადასტურებს, რომ ის სასტიკად სცემეს.

ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული მოთხოვნები, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გამო. ეს გახლავთ "ტოიოტა ქამრიში" მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული სსკ-ის 109-ე მუხლით“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.