სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს
სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს

A+ A-

17:41 10/07/2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის წესების განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ენერგეტიკული ბირჟისა და ასევე, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობისა და ბაზრის გახსნის საკვანძო საკითხებზე, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრებზე. 

გარდა ამისა, განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის სამიზნე სტრუქტურის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და ბაზრის ზოგადი დიზაინი.

წესებზე მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს სემეკში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.