გიორგი შაქარაშვილს 12-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება - მირიან ნიკოლაძე
გიორგი შაქარაშვილს 12-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება - მირიან ნიკოლაძე

A+ A-

17:23 10/07/2020

ტრაგიკულად გარდაცვლილ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს 12-მდე მძიმე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ "2020NEWS"-ის პრესკლუბში გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხები ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და არაგვში გადააგდეს.

"ყველა დაზიანება, დაახლოებით 12 სახის, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთ სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს", - ამბობს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.