გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მესამე დღესვე იცოდა გარდაცვალების მიზეზი - მირიან ნიკოლაძე
გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მესამე დღესვე იცოდა გარდაცვალების მიზეზი - მირიან ნიკოლაძე

A+ A-

17:19 10/07/2020

ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მესამე დღესვე იცოდა გარდაცვალების მიზეზი. ამის შესახებ "2020NEWS"-ის პრესკლუბში გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლაძემ განმარტა, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ოჯახი თავს იკავებდა ამაზე საუბრისგან.

„ჩვენ ვიცოდით, ოჯახმა იცოდა მესამე დღეს, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, თუმცა არ გავახმაურეთ, ვინაიდან გზაკვალი არ არეულიყო. ვიცოდით ყველა დაზიანების შესახებ, თუმცა ვიდრე საბოლოო შედეგი არ მოვიდა, ჩვენ ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით, ასევე ვართ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილის დახრჩობის ორი ვარაუდი არსებობს.

„შესაძლოა გიორგი სცემეს და შემდეგ გადააგდეს წყალში, რამაც შემდეგ არაგვში მისი დახრჩობა გამოიწვია, ან მეორე ვარიანტი, რომ შესაძლოა, ის ჯერ გაგუდეს და შემდეგ გადააგდეს წყალში“, - ამბობს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.