„ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარებად ბადრი ჯაფარიძეს და დავით უსუფაშვილს წარადგენს
„ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარებად ბადრი ჯაფარიძეს და დავით უსუფაშვილს წარადგენს

A+ A-

15:54 10/07/2020

„ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სამაჟორიტარო ოლქებში ბადრი ჯაფარიძეს და დავით უსუფაშვილს წარადგენს.

აღნიშნულ ინფორმაციას „2020NEWS“-თან საუბარში არც ადასტურებს და არც უარყოფს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი.

როგორც უსუფაშვილმა „2020NEWS“-ს განუცხადა, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის გუნდში თბილისის სხვა სამაჟორიტარო ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, თითქმის გარკვეულია რამდენიმე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობაც, რომელთა გასაჯაროვებას მამუკა ხაზარაძის გუნდი ჯერ არ ჩქარობს.

„ლელო“ საკუთარ მაჟორიტარებს, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში, აგვისტოს დასაწყისში წარადგენს.

ამ დრომდე არსებული კულუარული ინფორმაციების მიხედვით, რადგან ოფიციალურად ჯერ არც ერთ პოლიტიკურ ძალას საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებია, საბურთალოზე ბადრი ჯაფარიძის კონკურენტები იქნებიან: დავით სერგეენკო, ალეკო ელისაშვილი, თაკო ჩარკვიანი და ზაზა მამალაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბუნებრივია, კანდიდატთა რაოდენობა გაიზრდება.

დავი უსუფაშვილის ძირითადი პოლიტიკური მეტოქე კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.

ივანიშვილის გუნდში დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ არჩევანი ივლიანე წულაიასა და რიმა ბერაძეს შორის უნდა გააკეთოს.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატების ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა, რადგან „ქართული ოცნება“ საკუთარი რჩეულების დასახელებას ივლისის შუა რიცხვებში გეგმავს.