გააძლიერა თუ არა ხელისუფლებამ „მაყურებლის ინსტიტუტი“ ე.წ. „ზონებში“ უვადო პატიმრობამისჯილი პირებით?!
გააძლიერა თუ არა ხელისუფლებამ „მაყურებლის ინსტიტუტი“ ე.წ. „ზონებში“ უვადო პატიმრობამისჯილი პირებით?!

A+ A-

19:18 09/07/2020

საქართველოში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებიდან, განსაკუთრებით საშიში მსჯავრდებულები, რომლებსაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, ღია ტიპის, უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის განკუთვნილ საპატიმრო დაწესებულებაში, ე.წ. „ზონაში“ გადაიყვანეს. როდესაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე ცხელ წინასაარჩევნო პერიოდში „ზონაში“ გადაგყავს, ჩნდება ეჭვი, რომ მათი გამოყენება ხელისუფლების მხრიდან, შესაძლოა, „ზონების“ გასაკონტროლებლად მოხდეს.

მით უმეტეს, თავად საქართველოს სახალხო დამცველმა თავის კვლევაში ღიად დაადასტურა, რომ საქართველოს ციხეებში „მაყურებლის“ ინსტიტუტი დაბრუნდა და ციხეებს ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექსთავმჯდომარე ეკა ბესელია ამ ეტაპზე ამ უპრეცენდენტო „ზონურ გადაადგილებას“ სამარტოო საკნებიდან ღია საპატიმრო სივრცეში, ჰუმანური მოსაზრებებით ხსნის.

-რა საფრთხეებს შეიცავს უვადო პატიმრობა მისჯილი პატიმრების ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა და თქვენი აზრით, რატომ გახდა საჭირო, მათი გადაყვანა მომხდარიყო მსგავსი ტიპის დაწესებულებაში?

-დეტალები არ ვიცი, რა გახდა ამის საფუძველი, თუმცა ზოგადად თუ შევაფასებთ, უვადო პატიმრობამისჯილი ადამიანისთვის აუცილებელია, სასჯელის მოხდის პერიოდში მოხდეს მასზე დაკვირვება და სწორი ანალიზის შედეგად, გარკვეულწილად, შემსუბუქდეს მისი საპატიმრო რეჟიმის პირობები.

ანუ ადამიანები, რომლებიც სამუდამოდ, ან უვადოდ იმყოფებიან დაწესებულებაში არ შეიძლება მთელი ცხოვრება, რასაც ციხეში ატარებენ, იყვნენ მარტონი, იზოლირებულები და წამების ტოლფასი იყოს მათთვის იმ საპატიმროში ყოფნა.

ისედაც სასჯელი იმდენად მძიმეა მათთვის, რომ თუ იძლევა შესაძლებლობას პატიმრის დაკვირვება, მისი ქცევები და ფსიქოლოგების დასკვნა არსებობს, შესაძლებელია მათი  გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი რისკის შემცველი, მაგრამ რისკის შეფასება ეს არის ადმინისტრაციის ვალდებულება, თუმცა გარკვეულწილად, მათი  საპატიმრო რეჟიმის რაღაც ეტაპი რომ შემსუბუქდეს, ეს ჰუმანური მიდგომა შეიძლება იყოს, მაგრამ რამდენად სწორად არის შერჩეული ესა თუ ის პატიმარი ამისთვის, ეს უკვე  იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაა და ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს.

ზოგადად, ასეთი ჰუმანური და ადამიანური მიდგომა არის საჭირო, მათ შორის, უვადო პატიმრების მიმართაც

-როგორც ვიცით, ეს არის პირველი პრეცედენტი და აქამდე უვადო პატიმრების ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარა, როგორ ფიქრობთ, ამ კონკრეტული ნაბიჯის მიღმა რაიმე პოლიტიკური მიზანი ხომ არ დგას, მაგალითად არჩევნებისთვის „ზონების“ უკეთ გაკონტროლება?

-ასე უაპელაციოდ და უსაბუთოდ ვერ ვიტყვი, თავს შევიკავებდი დასკვნების გაკეთებისგან. მსგავსი რამ რომ თქვა, რაიმე მტკიცებულება უნდა გეჭიროს ხელში და ამ ეტაპზე არა მაქვს საფუძველი, ასეთი დასკვნები გავაკეთო.