19 წლის ფეხბურთელის საქმის ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე დაკითხვაზე დაიბარეს
19  წლის ფეხბურთელის  საქმის ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე დაკითხვაზე დაიბარეს

A+ A-

18:42 09/07/2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სკანდალური  საქმის ორი ადვოკატი ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ადვოკატს საქმეში არსებული პორნოგრაფიული მასალების გამო დაკითხავენ.

როგორც უკვე ცნობილია, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა საქმის გამომძიებელმა სწორედ დაკავებული რაგბისტების ადვოკატს, ვასილ მამულაშვილს გადაუგზავნა. შემდეგ გამოძიებამ ადვოკატისგან მოითხოვა, ხელწერილით დაედასტურებინა, რომ ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდა. დაცვის მხარემ უარი თქვა ხელწერილის დადებაზე და გამოძიებას ამ კადრების განადგურება მოსთხოვა. 

დღესვე საქართველოს პროკურატურამ პორნოგრაფიული მასალების ეპიზოდი ძირითადი საქმიდან გამოყო და მათ უკანონო მოპოვება-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო და განცხადებაც გაავრცელა.

„დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს.

საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი.

გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, – ნათქვამია განცხადებაში