კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან - კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურაზე
კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან - კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურაზე

A+ A-

12:32 07/07/2020

"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები არანაირ კავშირში არ არის მედიასთან და მაუწყებლებთან. ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში თვლიან, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ, ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს

„კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში.

აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრინული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“, - აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში.

შეგახსენებთ, პარლამენტი დაჩქარებული წესით ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა, მაუწყებლებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. მეტიც, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სპეციალური მმართველი 2 წლამდე ვადით დაინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით ან კანონის ფართო განმარტების გზით.