მოსახლეობას აბნევთ - "ნაციონალური მოძრაობა" "ევროპულ საქართველოს" პასუხობს
მოსახლეობას აბნევთ - "ნაციონალური მოძრაობა" "ევროპულ საქართველოს" პასუხობს

A+ A-

19:01 04/06/2020

მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას და განმარტავს, რომ „ენმ“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, შეთანხმება მოხდეს. ამით ბეჟაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ენმ“ შეთანხმების დარღვევას ცდილობს.

ბეჟაშვილის თქმით, მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს.

„ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს.

დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ენმ“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიას განაცხადა, თითქოს ბოლო პერიოდში „ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი”.