ოპოზიციამ მაჟორიტარებზე შეთანხმებამდე, ის უნდა გაარკვიოს, რა უნდა - ხვიჩია
ოპოზიციამ მაჟორიტარებზე შეთანხმებამდე, ის უნდა გაარკვიოს, რა უნდა - ხვიჩია

A+ A-

18:49 04/06/2020

ოპოზიციამ ჯერ უნდა გადაწყვიტოს რა მიზანი აქვს და რას გააკეთებს ამის მისაღწევად და შემდეგ უნდა დაიწყოს მაჟორიტარებზე შეთანხმება. ამის შესახებ "2020NEWS“-თან საუბარში „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ განმარტა, ასევე უნდა გაირკვეს შესაძლებელია თუ არა განსხვავევების აღმოფხვრა და ასევე ის, თუ როგორი ქვეყანა გვინდა.

„მგონი ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა ზოგადად, რა არის მიზანი და რას გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად. ასევე, უნდა ითქვას ვინ ან რა უშლის ამ შეთანხმებას ხელს და შესაძლებელია თუ არა განსხვავებების აღმოფხვრა.

თბილისში შეთანხმება ალბათ დასაწყისია, ზოგადად უნდა შევთანხმდეთ როგორი ქვეყანა გვინდა და თუ მეტწილად დაემთხვევა ჩვენი მიზნები მხოლოდ მაშინ აქვს აზრი მაჟორიტარებზე შეთანხმებასაც. მაგრამ ამით უნდა დავიწყოთ.

კითხვაზე რამ გამოიწვია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია კონკრეტულ ერთ მიზნამდე ვერ მივიდა, ხვიჩია გვპასუხიბს, რომ ამის მიზეზი კორონაპანდემია და „ჯიუტი“ პოლიტიკური სპექტრია.

„ბევრმა რამემ, დაწყებული კორონა ისტერიით, დამთავრებული იმით, რომ არ გვყავს მარტივად შეთანხმებადი პოლიტიკური სპექტრი“,- განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ხვიჩიამ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრისა და პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილი აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შეძლებს წესიერი და ღირსეული კანდიდატების დაყენებას 30 მაჟორიტარულ ოლქში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დისონანსი მმართველი გუნდის ოპონენტების რიგებში მოძრაობა „ლელომ“ შეიტანა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ „ლელოს დადებას მარტო აპირებენ“ და პარტია ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

ცნობისთვის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ვინაიდან ოპოზიცია მაჟორიტარების თაობაზე ვერ თანხმდება, შესაძლოა მათ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდონ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა მოსალოდნელია, რომ ოპოზციამ „ხალხი გადააგდოს“.

შეგახსენებთმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყო. ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებომდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

საარჩევნო ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება;

მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს 30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში; მოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.

მარიამ მაჭარაშვილი