მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან - ირაკლი ღარიბაშვილი
მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან - ირაკლი ღარიბაშვილი

A+ A-

10:47 03/06/2020

მაჯის საათების ღირებულებებთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და ფაქტები "მიზანმიმართულად დამახინჯებულია". ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მისი და მისი მეუღლის მაჯის საათებში გადახდილ კოლოსალური თანხების ოდენობას.

მისი თქმით, არც მას და არც მის ოჯახს არავისთვის არაფერი წაურთმევია. ღარიბაშვილი ასევე განმარტავს, რომ იგი პოლიტიკაში "ქუჩიდან" არ მოსულა და საკმაოდ მაღალშემოსავლიანი თანამდებობები ეკავა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს დასამალი. როგორ შეიძლება იმაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია მე. მე უნდა ვიყო მაშინ მილიარდერი. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული. მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია, როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციის გზით მიღებული, თუ სხვა კერძო კომპანიებში ჩემი ჩართულობით.

რა მნიშვნელობა აქვს, არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. თუ რამე მაქვს ღია და დეკლარირებული და გულწრფელად გეუბნებით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.