კორ​ონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანში დაფიქსირდა
კორ​ონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანში დაფიქსირდა

A+ A-

11:09 31/05/2020

კორონავირუსის დადასტურებული 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანში დაფიქსირდა, ოთხი საკარანტინო სივრციდან არის, ოთხი კი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 166 პაციენტი მკურნალობს.

მიუხედავად დადასტურებულების ასეთი მატებისა, ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77 პროცენტზე მეტია.

„26 ახალი შემთხვევიდან 18 შემთხვევა არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევისას დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და სტაციონარებში მოთავსება ხდება, მაგრამ შემდგომში მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება.

კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ. აი, ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს ჩვენ, როდესაც არის ბოლნისის წყაროდან მატება. სადღაც 10-14 დღის განმავლობაში გვყავს ხოლმე მომატებული ციფრი 1-2 დღე და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია შემდგომი, ყოველი მეთოთხმეტე დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს.

დანარჩენი რვა შემთხვევიდან ოთხი არის საკარანტინო სივრციდან და ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდკვლევით მიღებული შემთხვევა, ოთხივე საბურთალოს წყაროდან მოძიებული კონტაქტია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის  783 შემთხვევა, აქედან 605 გამოჯანმრთელდა.