საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ როინიშვილის დანიშვნა კლანის გავლენებს გაზრდის - ჯანეზაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ როინიშვილის დანიშვნა კლანის გავლენებს გაზრდის - ჯანეზაშვილი

A+ A-

18:00 29/05/2020

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვასილ როინიშვილის დანიშვნა ე.წ. კლანის გავლენებს გაზრდის. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როინიშვილი ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდა, რომ არა გავლენიანი ჯგუფის მფარველობა და ნდობა.

„2019 წლის დეკემბერში ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10-წლიანი ვადა ეწურებოდა. მიუხედავად ამისა, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ როინიშვილს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა, მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

როინიშვილს იმ მომენტისათვის წარმოებაში ჰქონდა 527 საქმე. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე აირჩია უზენაეს სასამართლოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმეები სხვა მოსამართლეებზე გადანაწილებას დაექვემდებარა და ვასილ როინიშვილს დატვირთულობის შემცირების შესაძლებლობა გაუჩნდა.

თუმცა, დეკემბრიდან მოყოლებული, 5 თვის განმავლობაში ის ისე ახორციელებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არც კი განუხილავს ეს საკითხი და არ დაუსვამს მთავარი კითხვა, ადგილი ხომ არ ჰქონდა საქმეების განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვასილ როინიშვილი დეკემბერში,იმავე დღეს, როდესაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელებს, წარადგინა საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამ გადაწყვეტილებებით კარგად ჩანს რომ მას ე.წ. კლანის მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს”, - წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 18 ხმით მხარი დაუჭირა ვასილ როინიშვილის არჩევას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. მოსამართლის ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც 15 ივნისიდან, უფლებამოსილების ვადა ამოეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს.