საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება

A+ A-

13:35 29/05/2020

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია უპასუხებს ამ კითხვებს, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. ამ განხილვას მალევე მოჰყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში.

„საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ, საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა. მანამდე ეს დრო იყო შეჩერებული. მომდევნო კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით.

სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს ამ პროცესს. ამაზე კომსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს. ამის მერე, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შედეგ, გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა.

იმედი მაქვს, დღევანდელი მოცემულობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ რომ გამოვიტანოთ სამივე კენჭისყრაზე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ახალი საარჩევნო სისტემა 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი და დაძაბული პროცესების შედეგად შეთანხმდა, საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი, ბოლო ორი თვეა - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ელოდებოდა.

შეგახსენებთ, საარჩევნო ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ 2020 წელს არჩეულ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიით შევა; ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა 30 იქნება;

მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველი 30 ერთმანდატიან ოლქში აირჩევს. 30-დან 8 ოლქი იქნება თბილისში; მოქმედდება ე.წ. ჩამკეტი - თუკი ესა თუ ის პარტია ან ბლოკი პროპორციული წესით ვერ მიიღებს ხმების დაახლოებით 40%-ზე მეტს, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას.