"ლელო", ელისაშვილი, დოლიძე "არანაცურ" ალტერნატივას ვერ ქმნიან, "ნაცები" კი წარსულის მსხვერპლნი არიან - ზურაბიშვილი
"ლელო", ელისაშვილი, დოლიძე "არანაცურ" ალტერნატივას ვერ ქმნიან, "ნაცები" კი წარსულის მსხვერპლნი არიან - ზურაბიშვილი

A+ A-

11:36 29/05/2020

"ლელო", ელისაშვილი, დოლიძე და სხვები ოპოზიციურ ფლანგზე "არანაცურ" ალტერნატივას ვერ ქმნიან. მათი მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა არის ჰიპერბოლიზებული. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს ხელისუფლება ცუდია მაგრამ არც იმდენად, რომ წინა ხელისუფლება მათ ფონზე უკეთესად გამოჩნდეს. ამის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემს პირად აზრს ვამბობ. ეს არაა პარტიის პოზიცია, მერე სპეკულაციები რომ არ იყოს.

ოპოზიციაში დღეს წინა პლანზეა ყოფილი ხელისუფლება, რომელიც წარმოდგენილია ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს სახით. სხვა წარმომავლობის ოპოზიცია მათთან შედარებით სუსტად ჩანს ან საერთოდ არ ჩანს. კი არის "ლელო", ელისაშვილი, დოლიძე და სხვებიც, მაგრამ ისინი ვერ ქმნიან არანაცურ ალტერნატივას ოპოზიციის ფლანგზე, ცალკე არცერთი მათგანი არაა ამისთვის საკმარისი.

ნაცური ოპოზიცია კი, ჩემი სუბიექტური აზრით, არის ერთგვარი მძევალი და მსხვერპლი საკუთარი ისტორიული ნარატივის, რომელიც საერთო აქვთ ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს. კერძოდ ეს ნარატივი გულისხმობს, რომ 2012 წელს უფრო კარგი ხელისუფლება შეიცვალა უფრო ცუდით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ პრაქტიკაში გულისხმობს საქართველოს ხელისუფლების წარმოჩენას იმდენად უარყოფითად, რომ მის ფონზე წინა ხელისუფლების მინუსები ან გადაიფაროს, ან ლამის პლუსებად გამოჩნდეს. მე არა მგონია ეს შეგნებული და გაცნობიერებული კონცეპტი იყოს, უფრო მგონია საკუთარი პოლიტიკური წარსულის გაპრავების და გათეთრების ინსტინქტური მცდელობაა, რამდენადაც ამ წარსულში არცთუ ცოტა შავი ლაქაა და მეტ-ნაკლებად ნორმალურ ადამიანებს, ვინც ამ ლაქებს ამა თუ იმ მიზეზით იტანდნენ, შეუძლებელია გულის სიღრმეში მაინც არ აწუხებდეთ ეს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლების კრიტიკა ამ ოპოზიციის მხრიდან არის ძლიერ ჰიპერბოლიზებული, ანუ გლეხური ენით რომ ვთქვა, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ხელისუფლება იმაზე უარესად, ვიდრე ის სინამდვილეშია, რადგან ის კია სინამდვილეშიც ცუდი, მაგრამ არც იმდენად ცუდი, რომ მასთან შედარებით წინა ხელისუფლება ცალსახად და სრულად უკეთესი გამოჩნდეს.

ახლაც იგივე ამბავია. ნაცური წარმომავლობის ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება ლამის კატასტროფულად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას, თავს დაგვატეხა დიდი უბედურება და ახლა გვიპირებენ პანდემიის ფონზე დიქტატურის დამყარებას, რაც ცხადია, რადიკალი ნაცების გარდა არავის ჯერა და ამ ფონზე გახარიაც უფრო მომგებიანად გამოიყურება.

ფბ-ს ფორმატშიც და სხვაგანაც რამდენჯერმე თავაზიანად ვცადე მეთქვა, რომ პანდემიის თემაზე ხელისუფლებასთან ოპონირება არის პრინციპულად არასწორი და ხელისუფლებას უნდა ეპაექრო იმ თემებზე, სადაც ის სუსტია და თავს არაკომფორტულად გრძნობს, მაგრამ ამაოდ. ეს ოპოზიცია უბრალოდ ვერ უშვებს იმ მოცემულობას, სადაც ქოცების ხელისუფლება შესაძლოა არ იყოს ყველაზე ცუდი ყველა აქამდე არსებულ ხელისუფლებებს შორის. ეს რადიკალიზმი და ჰიპერბოლიზება კი საბოლოო ჯამში თავად ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების სასარგებლოდ ბრუნდება", - წერს ზურაბიშვილი.