რესტორნებში მაგიდის ონლაინ დაჯავშნა და მენიუს შეკვეთა - როდიდან შეძლებენ მომხმარებლები შესაბამისი სერვისით სარგებლობას
რესტორნებში მაგიდის ონლაინ დაჯავშნა და მენიუს შეკვეთა - როდიდან შეძლებენ მომხმარებლები შესაბამისი სერვისით სარგებლობას

A+ A-

15:53 28/05/2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია ტიპის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება.

თუმცა, მაგიდის წინასწარ დაჯავშნა ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაცია იქნება. სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარ მომსახურებას, მაგიდის დაჯავშნისა და მენიუს შეკვეთის ფუნქციას Tkt.ge უკვე ამატებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლევან კილაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სერვისი ხელმისაწვდომი ივნისის პირველივე კვირაში იქნება.

რაც შეეხება ობიექტების რაოდენობას, მისი თქმით, საწყის ეტაპზე მინიმუმ 50-მდე რესტორანი და კაფე ჩაეშვება. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი რიცხვიც ყოველდღიურად გაიზრდება

შეგახსენებთ, რომ ღია სივრცის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება, 8 ივნისიდან კი ობიექტებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ამასთან, კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვთ, ადგილის დაჯავშნა უნდა მოხდეს წინასწარ, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანისა, მომხმარებლებს შორის დისტანცია კი მინიმუმ 1 მეტრს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ობიექტებმა მომხმარებლებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყონ. ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს; მენიუ კი ერთჯერადი ან ელექტრონული უნდა იყოს.

Tkt.ge-ს დამფუძნებელი ლევან კილაძე: „სავარაუდოდ, სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის პირველივე კვირაში. ჩვენ საიტზე მარტო რეზერვაცია არ იქნება, მომხმარებელი შეძლებს, რომ მენიუსაც ელექტრონულად ტელეფონით გადახედოს და იქიდან შეუკვეთოს. რაც შეეხება რესტორების რაოდენობას, ყოველდღიურად ემატება. გვირეკავენ და გვიგზავნიან საკუთარ ელექტრონულ მენიუს. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე რესტორანი და კაფეა უკვე. ეს არის თბილისის ყველაზე მოთხოვნადი ობიექტები.

იქიდან გამომდინარე, რომ tkt-ის მხრიდან აქ კომერციული ინტერესი არ არის, ეს ჯავშანი მთლიანად უფასო იქნება. სერვისზე ძალიან დიდი მოთხოვნა და საჭიროება იყო, შესაბამისად, დღეს ეს გავაკეთეთ როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი რესტორენებისთვის“,-ამბობს ლევან კილაძე.

"bpn"