"COVID-19" ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია - აშშ-ში დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა
"COVID-19" ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია - აშშ-ში დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

A+ A-

12:16 28/05/2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000- გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 მილიონამდე გაიზრდა. ვირუსის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში შეზღუდვების მოხსნა იწყება.

„Worldometers”-ის სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ინფიცირების 20 546 და გარდაცვალების 1 535 ახალი ფაქტი გასულ 24 საათში დაფიქსირდა.

ქვეყანა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით  „მსოფლიო ლიდერთა“ სიაში კვლავ პირველ ადგილზეა

რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობის სტატისტიკას, ამ მხრივ აშშ, რომელსაც ყოველ 10 000 ადამიანზე 3 დაღუპული ჰყავს, მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა ბელგია, სადაც ყოველ 10 000- ადამიანზე 8 დაღუპული მოდის, მესამეზეა ესპანეთი, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი დიდი ბრიტანეთი და იტალია ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ  მაისის თვეში ვირუსით დღეში საშუალოდ 1 400 ადამიანი იღუპებოდა, რაც აპრილის თვესთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, როდესაც ფატალური შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა 2 000 იყო.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო სამი თვის განმავლობაში ვირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1981-1989 წლებში შიდსის ეპიდემიით და ახალი კორონავირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული სეზონური გრიპი.

„როიტერსის“ ცნობით, აშშ-ში სეზონურმა გრიპმა ყველაზე მეტი ადამიანი 1957-1958 წლებში იმსხვერპლა, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 116 000-ს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალდა ქვეყნის გახსნას ეტაოპრივად იწყებს.

კერძოდ, 29 მაისს ვაშინგტონში რესტორნები შეძლებენ სტუმრები მიიღონ შენობის გარეთ, ასევე იხსნება სილამაზის სალონები.

ხვალიდან გაიხსნება ჩოგბურთის და გოლფის მოედნები. სპორტის ისეთი სახეობები, რომელიც ახლო კონტაქტს მოითხოვს აკრძალული რჩება, მათ შორის ფეხბურთი და კალათბურთი.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში კოვიდვირუსის შემთხვევების სიაში ლიდერობა „დიდი პატივია“.  

როგორც ტრამპმა რამდენიმე დღოს წინ განაცხადა, ეს ქვეყანაში ტესტირების სისტემის მაღალ დონეზე მიუთითებს. 

თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ შტატებმა დააგვიანა პანდემიაზე რეაგირება და მისი მართვის პროცესში, დასაწყისშივე დაკარგა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დღეები.

აღსანიშნავია, რომ რადგან მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე დიდი ზარალი აშშ-ის მიადგა, ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებს, ვინაიდან მათ რეაგირება დააგვიანეს. 

მეტიც, ტრამპი ჯანმოს დაფინანსების სამუდამო შეწყვეტით ემუქრება.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში ქალაქ უხანში გამოვლინდა და უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონამდე იზრდება, გარდაცვლილია 357 491, ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელებულია 2 499 512 ადამიანი, ხოლო 2 936 466 კვლავ ებრძვის „ჩინურ ვირუსს“.

მარიამ მაჭარაშვილი