მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა პირველი ივნისისთვის გადაიდო
მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა პირველი ივნისისთვის გადაიდო

A+ A-

16:44 25/05/2020

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა პირველი ივნისისთვის გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა ავრცელებს.

მისი თქმით, პროცესი დღეს ონლაინ უნდა გამართულიყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით, სხდომა პირველ ივნისს, 14:00 საათზე ჩატარდება.

„გადაიდო პროცესი. დააკმაყოფილეს ჩემი შუამდგომლობა და პირველ ივნისს გადაიდო 14:00 საათზე. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მე ვერ შევძლებ ტექნიკურად ონლაინ რეჟიმში მივაწოდო სასამართლოს უშუალოდ ის მტკიცებულებები, რაც მაქვს ხელთ. 31 დისკი არის, როგორ მოვახდინო მისი დემონსტრირება, ძალიან რთული საქმეა და ონლაინ რეჟიმში ამის ჩატარება რთულია“, – განაცხადა თოდუამ.

როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, ადვოკატის თქმით, პროცესზე დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.