საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა
საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

A+ A-

13:42 22/05/2020

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. ამ გზით მოქალაქეები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ეკლესიას თითოეული ტაძრის ირგვლივ არსებული 20 ჰექტარი ტყის მასივი გადაეცემა, მხარი არ დაუჭირონ.

პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პროგრამის იურისტი თეა ჭითანავა აცხადებს, რომ ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას და, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპსაც.

"კანონი ცალსახად არაკონსტიტუციურია, გამომდინარე იქიდან, რომ არღვევს თანასწორობის და სეკულარიზმის პრინციპებს. გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საპატრიარქოს ეს ყველაფერი თავისი მატერიალური რესურსების მოსამრავლებლად სჭირდება და მმართველი გუნდი ხელს უწყობს ამას იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნოდ მას შეიძლება სჭირდებოდეს მათი მხარდაჭერის მოპოვება,"-განაცხადა მა თეო ფირანიშვილმა.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ჭითანავა კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

"წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის იზრდება ხოლმე ეკლესიის პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერა. ეს ცვლილებები კონსტიტუციური წყობას უქმნის საფრთხეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს და კიდევ უფრო აღრმავებს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ უთანასწორობას,"- განაცხადა ეკა ჭითანავამ.