ბრაზილიაში ინფიცირების 21 472 შემთხვევა დადასტურდა - ქვეყანამ ჯანდაცვის ორი მინისტრი უკვე გამოცვალა
ბრაზილიაში ინფიცირების 21 472 შემთხვევა დადასტურდა - ქვეყანამ ჯანდაცვის ორი მინისტრი უკვე გამოცვალა

A+ A-

14:45 21/05/2020

ბოლო 24 საათში, ბრაზილიაში ინფიცირების 21 472 შემთხვევა დადასტურდა, 911 ადამიანი გარდაიცვალა.  

შექმნილი მძიმე პანდემიური სიტუაციის გამო, ქვეყანამ ჯანდაცვის ორი მინისტრი უკვე გამოცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, კორონავირუსით ინფოცირებულთა ახალი მაჩვენებლებით მსოფლიოში ბრაზილია ლიდერობს.

კოვიდინფექციით ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. 

ინფიცირებულთა რაოდენობით ეს ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე - პირველზე.

მსოფლიო სტატისტიკაში, „ჩინური ვირუსით“ გარდაცვლილთა რაოდენობითაც ეს ქვეყანა უკვე მეექვსე ადგილს იკავებს.

ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე იქ ინფიცირების 293 357 და გარდაცვალების 18 894 ფაქტი დადასტურდა.

ინფიცირების 21 472 და გარდაცვალების 911 ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში გამოვლინდა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში გარდაცვალებათა პიკი ჯერ არ დამდგარა და დაავადების გავრცელების ამ ნიშნულამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა.

თუმცა გარდაცვლილთა რიცხვით, ბრაზილიამ უკვე გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ინდოეთი და გერმანია.

როგორც ბრაზილიის მთავრობა აცხადებს ქვეყანას არ აქვს საკმარისი რაოდენობის ტესტები და შესაბამისად აღურიცხავი ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.

ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, შიშობენ, რომ ის განსაკუთრებით დააზარალებს დაავადებების მიმართ მოსახლეობის გაცილებით მოწყვლად ნაწილს: ბრაზილიის ღარიბ რაიონებს და აბორიგენებს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ბოლსონარომ თანამდებობიდან გასულ კვირას დაითხოვა ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ ტეიჰა, რომლის ადგილიც ლუის ენრიკე მანდეტამ დაიკავა, ეს უკვე მეორე ჯანდაცვიას მინისტრია ვირუსის გავრცელების შემდეგ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტი ქლოროქინის გამოყენების პირობებსა და სოციალური დისტანცირების წესებზე ვერ შეთანხმდნენ.

ბრაზილიაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის მიუხედავად, პრეზიდენტი ბოლსონარო აცხადებს, რომ ვირუსი საშიში არ არის და საჯარო გამოსვლებში ის კორონავირუსს გრიპს ადარებს.

ბოლსონარო და ბრაზილიის მინისტრთა ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მსგავსად,  საჯარო გამოსვლებში მკაცრად აკრიტიკებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მას კორონავირუსის პანდემიის უარყოფით გაშუქებაში ადანაშაულებს. ბრაზილიის ხელისუფალთა ნაწილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობაზე კეთდება აქცენტი და არა გამოჯანმრთელებულებზე.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში უკვე გამოჯანმრთელდა 116 683 ადამიანი, ხოლო ინფცირებულთაგან 157 780 კვლავ ებრძვის ვირუსს, მათგან 8 813 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, ჩინეთიდან კორონავირუსი 213 ქვეყანაში გავრცელდა.

გამოვლენილია ინფიცირების 5 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 330 ათასამდე ფაქტი.

მსოფლიოში უკვე გამოჯანმრთელდა 2 033 559 ადამიანი, ინფიცირებულთაგან  2 738 011  კვლავ  ებრძვის  „უხილავ მტერს“.

მარიამ მაჭარაშვილი