რუსეთში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 8 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 8 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

13:24 21/05/2020

317 554 ინფცირებული და 3 099 გარდაცვლილი - საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკურმა მაჩვენებელმა კვლავ რეკორდულად მოიმატა.

რუსეთი მსოფლიო ლიდერთა სიაში ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა, ევროპაში კი - პირველზე. თუმცა გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის გამო, მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 8 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 317 554-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 21 მაისს დაფიქსირებული ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა დღის, 20 მაისის მაჩვენებელს 100 ერთეულით აღემატება.

გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, 24 სათში 127-ით მოიმატა და  3 099-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ მოსკოვია.

ცნობისთვის, რუსეთში რამდენიმე მინისტრს ვირუსი დაუდგინდა, ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ჩინეთიდან ვირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა და უკვე  213 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

გამოვლენილია ინფიცირების 5 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 330 ათასამდე ფაქტი.

მსოფლიოში უკვე გამოჯანმრთელდა 2 033 559 ადამიანი, ინფიცირებულთაგან  2 738 011  კვლავ  ებრძვის  „უხილავ მტერს“.

მარიამ მაჭარაშვილი