1.5 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 91 ათასამდე გარდაცვლილი - აშშ მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა
1.5 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 91 ათასამდე გარდაცვლილი - აშშ მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა

A+ A-

16:13 19/05/2020

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ეს ქვეყანა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, კვლავ პირველ ადგილზეა.

"ჩინური ვირუსის" გამო, სწორედ აშშ-ს მიადგა ყველაზე დიდი ზარალი და მსხვერპლი. 

 "worldometers"-ის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ გასულ დღე-ღამეში, ქვეყანაში ინფიცირების 23 ათასამდე ახალი ფაქტი გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. 

 გარდაცვლილთა რაოდენობა კი, უკვე 91 ათასსზე მეტია. მათგან ათასზე მეტი ადამიანი გასულ 24 საათში გარდაიცვალა. ყველაზე მეტად დაზარალდა ნიუ-იორკის შტატი.  აქ კორონავირუსს 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ნიუ-იორკის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე დაზარალებული ნიუ ჯერსის შტატია - 10 000-ზე მეტი დაღუპულით. 

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ასე გავრცელების გამო, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებს,  ვინაიდან  მათ რეაგირება დააგვიანეს.

შეგახსენებთ,  ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში,  ქალაქ  უხანში გამოვლინდა.  მას შემდეგ კოვიდინფექცია  213 ქვეყანაში გავრცელდა და უკვე დადასტურებულია ინფიცირების 5 მილიონამდე და გარდაცვალების 321 ათასამდე შემთხვევა.

2 მილიონამდე ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 668 406 პაციენტი კი კვლავ ებრძვის "უხილავ ვირუსს",  მათგან 44 776  კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მარიამ მაჭარაშვილი