სპეკულაციები უადგილოა - ხუნდაძე ოპოზიციას
სპეკულაციები უადგილოა - ხუნდაძე  ოპოზიციას

A+ A-

14:16 19/05/2020

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის"დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აძლევს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკითხის ირგვლივ არსებული სპეკულაციები უადგილოა.

ხუნდაძე არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მთავრობის უფლებამოსილება გაიზრდება, ხოლო პარლამენტის როლი შემცირდება.

„ასეთი მოსაზრება მცდარია. არსებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი მას პარლამენტი მხარს დაუჭერს. ასევე, პარლამენტი ამ კანონმდებლობით რა თქმა უნდა, არ წყვეტს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში მკვეთრად არის განსაზღვრული ის პირობა, რა შემთხვევაშიც ეს რეგულაციები იმოქმედებს. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში და ადგილობრივი ბერკეტი ამ სტატუსის გამოცხადებისთვის საკმარისი არ არის. ასე, რომ სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პანდემიას ან საშიში ინფექციების გავრცელებას“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.