ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა იყოს საჭირო - გამყრელიძე
ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ უნდა იყოს საჭირო - გამყრელიძე

A+ A-

14:01 19/05/2020
 
"კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
 
გამყრელიძის განმარტებით, საზოგადოებამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, ვინაიდან გარკვეული პერიოდი კორონავირუსის 5-10-20 შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს.
 
„შეიძლება იყოს ცოტა მეტი შემთხვევებიც ამ შემსუბუქების პერიოდში. როცა შეიძლება დაგვჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები, იგივე ერთი კლასტერის, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, ორი, სამი ხუთი დღით ერთი არეალის ან იმ არეალში გადაადგილების შეზღუდვა, ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
 
ოპერატიულად მიიღოს მოკლე ხნიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას გავრცელების საშუალებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილებებს მხარს უჭერს",-განაცხადა გამყრელიძემ.
 
აღასნიშნავია, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის ტერმინები: „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ და  განისაზღვრება კანონმდებლობის დონეზე, რადგან გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაწესდეს.
 
„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს, საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იყოს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.