უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გამო, ადვოკატმა კობაიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პროკურატურაში უჩივლა
უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გამო, ადვოკატმა კობაიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილს პროკურატურაში უჩივლა

A+ A-

12:50 19/05/2020

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ადვოკატის განმარტებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

„საჩივარი შეგვაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. საჩივარში ასახულია ის პროცედურული საკითხები, რაც თან ახლავს ხოლმე შეწყალებას. პრეზიდენტმა არც ერთი პუნქტი არ დაიცვა და ისე შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა.

უგულავასა და ოქრუაშვილის საქმის გამოძიებაზე უამრავი რესურსი დახარჯა სახელმწიფომ, როგორც იქნა გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და შემდგომ ამ ადამიანების შეწყალება მოხდა. ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო და არ მოხდა, ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება რისი შესაძლებლობაც პრეზიდენტს არ აქვს,“ - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა, რაც ადვოკატის განცხადებით, ასევე არ მოხდა.

„გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ბრალდება ჰქონდა, მას დაუდასტურეს რომ პროცედურული საკითხები არ დაიცვა და ის გაასამართლეს. მსჯავრდებულებს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავთ, მათ უნდა მოენანიებინათ და ეს არ მოხდა. ასევე, საქმე უნდა განეხილა შესაბამის კომისიას, მაგრამ ესეც არ მოხდა. აქედან გამომდინარე პირდაპირ სახეზეა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, "2020NEWS" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სტანდარტულ ჩამონათვალში არ ჯდებიან, მეტიც იმ კატეგორიაში არიან, ვისაც არ უნდა იწყალებდნენ იმიტომ, რომ სულ ახლახან დაედოთ სასჯელი ახალი დანაშუალისთვის და არც თავს ცნობდნენ დამნაშავედ, მით უმეტეს, არ ინანიებდნენ.

თუმცა აქ არის ერთი მომენტი, პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული გარემოებების გამო, ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალების უფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას "პოლიტიკური პატიმრები" არ შეუწყალებია, რადგან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.