რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

12:06 19/05/2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ რეკორდულად იზრდება.

როგორც "worldometers"-ის სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ დღე-ღამეში საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ, რუსეთში, ინფიცირების 9 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 299 941-მდე გაიზარდა.

"მსოფლიო ლიდერი" ქვეყნების ათეულში რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, ევროპაში კი პირველს. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით მეჩვიდმეტე ადგილზეა.

რუსეთში გამოვლენილია გარდაცვალების 2 837 შემთხვევა, მათგან 115 გასულ 24 საათში.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ეპიცენტრი მოსკოვია.

აღსანიშნავია რომ რუსეთში რამდენიმე მინისტრს ვირუსი დაუდგინდა, ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

შეგახსენებთ, ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა, მას შემდეგ ვირუსი 213 ქვეყანაში გავრცელდა და უკვე დადასტურებულია ინფიცირების 5 მილიონამდე და გარდაცვალების 321 ათასამდე შემთხვევა.

2 მილიონამდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 668 406 პაციენტი კი კვლავ ებრძვის "უხილავ ვირუსს", მათგან 44 776 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მარიამ მაჭარაშვილი