ლავროვის ნათესავს მთავრობიდან ვიღაც დაჰპირდა საქართველოს საპატიო კონსულის პოსტს და გაუკეთა
ლავროვის ნათესავს მთავრობიდან ვიღაც დაჰპირდა საქართველოს საპატიო კონსულის პოსტს და გაუკეთა

A+ A-

18:20 15/05/2020

საქართველოს ხელისუფლებამ ბელგიაში საპატიო კონსულის პოსტზე სკანდალური კანდიდატი დანიშნა. ის, არც მეტი და არც ნაკლები, უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავია. იანიკ კალანტარიანის დანიშვნის თაობაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვს გამოთქვამენ, რომ მომავალ საპატიო კონსულს ქვეყნის მთავრობაში ჰყავს გავლენიანი მფარველი, რომელიც მას ამ პოსტს დაჰპირდა და გაუკეთა კიდეც.

კალანტარიანი, გარდა იმისა, რომ ლავროვის ნათესავად სახელდება, ამ ეტაპზე ბელგიაში მულტი-ბიზნესების მფლობელია. უფრო მეტიც, ის ამჟამად, სომხეთ-ბელგიის სავაჭრო პალატის (BACC)  ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებს. 

„სომხური წარმომავლობის ბელგიელი მის ქვეყანაში საქართველოს საპატიო კონსულად საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ თებერვალში წარადგინა და 1 აპრილს დანიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ მიღებას, ანუ წარდგენას მას შემდეგ მიიღებს, რაც ბელგიაში კორონავირუსის გამო, პანდემიური სიტუაცია გამოსწორდება. პრობლემა ის კი არაა, კალანტარიანი სომეხია თუ ჩინელი, არამედ ის, ეს კაცი უკვე არის სხვა ქვეყნის სამსახურში და ახლა შენი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად ნიშნავ უცხო ქვეყანაში, თანაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოში. ეს კი დაუშვებელია“, - განაცხადა „2020NEWS“-თან რადიო „ფრანსის“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა, გიორგი ფოფხაძემ.

„2020NEWS“ შეეცადა საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაემოწმებინა ინფორმაცია, იციან თუ არა ამ უწყებაში, რომ კალანტარიანი მტრული სახელმწიფოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავია და საერთოდაც, რატომ გაჩნდა იდეა, რომ სხვა ქვეყნის, სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დაენიშნათ საპატიო კონსულად? 

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ საპატიო კონსულის დანიშვნის საბოლოო პროცედურები დასრულებული არაა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ შეუძლია, უარი უთხრას ელჩ საბანაძეს სომხური წარმოშობის ბიზნესმენ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე დუმს. დუმილი კი მეტ ეჭვს იწვევს.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში სალომე სამადაშვილი „2020NEWS“-თან ეჭვს გამოთქვამს, რომ ბიზნესმენ კალანტარიანს, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს მთავრობაში ჰყავს მფარველი, რომელთანაც ბიზნესინტერესები აკავშირებს და სწორედ ამ უცნობმა მფარველმა „გაუკეთა“ საპატიო კონსულის პოსტი. 

სალომე სამადაშვილი: „საპატიო კონსულის ინსტიტუტი ერთი პერიოდი საერთოდ გაუქმებული გვქონდა. ახლა თუ ამ პოსტის აღდგენა მოხდა, არ ვიცი. ამ პოსტზე, როგორც წესი, ინიშნება ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია დამატებითი დადებითი ცვლილებები შეიტანოს საქართველოსა და შესაბამისი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში. თუ ამ პიროვნების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მართალია, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ რატომ შეირჩა მაინც და მაინც ის.

- სომხური წარმოშობის ბელგიელი კალანტარიანი ამჟამად არის სომხეთ-ბელგიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი. თავისთავად, ლავროვის ნათესავიც რომც არ იყოს, მისი ამჟამინდელი სტატუსი უკვე საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რადგან მეზობელი ქვეყნის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ინიშნება საქართველოს საპატიო კონსულად... 

- ჩემთვის გაუგებარია, მსგავს პიროვნებაზე რატომ შეიძლება, საერთოდ შეაჩეროს არჩევანი ქვეყანამ, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მისი ამჟამინდელი პოზიცია აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანს სხვა ინტერესები აქვს, მათ შორის, ეკონომიკური და მათ შორის - სომხეთთან მიმართებაში. რუსეთისა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საქართველოს კი სხვა პრიორიტეტები აქვს, როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ საკითხებზე. 

იყო დრო, როდესაც საპატიო კონსულების დანიშვნა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, კორუფციის თემა გახლდათ, ამიტომაც გავაუქმეთ ეს თანამდებობა. 

ვფიქრობ, საგარეო უწყებამ ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს, თუ ეს გადაწყვეტილება სიმართლეს შეესაბამება და საზოგადოებასაც ახსნა-განმარტება წარუდგინოს იმიტომ, რომ საპატიო კონსულები, თუ პიროვნება სწორად არაა შერჩეული, ძალიან ხშირად ბოროტად იყენებენ ამ პოსტს - საკუთარი ინტერესების შესაბამისად და არა - ქვეყნის ინტერესებისთვის.

- საქართველოში გავლენიანი მფარველის გარეშე, კალანტაროვს ამ პოზიციაზე არავინ დანიშნავდა...

- ვიმეორებ, თუ მისი დანიშვნა სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს დანიშვნა საქართველოს მთავრობაში კონკრეტული ადამიანების ეკონომიკურ ინტერესებს უნდა უკავშირდებოდეს და სხვა არაფერს. საინტერესო იქნება ამაზე ოფიციალური განმარტებაცა და ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებაც, ვინ არის იანიკ კალანტაროვი.

ჩემი აზრით, ვიღაცას აქვს ამ კაცთან ეკონომიკური კავშირები და ინტერესები. დაჰპირდა ამ საპატიო კონსულის სტატუსს და გაუკეთა. სხვა ახსნა ამას არ აქვს.

რუსა მუმლაძე