ყველაზე თავხედები ცდილობდნენ, პერსონალისთვის კორონავირუსის გადადების საფრთხე შეექმნათ - ექიმის სკანდალური პოსტი
ყველაზე თავხედები ცდილობდნენ, პერსონალისთვის კორონავირუსის გადადების საფრთხე შეექმნათ - ექიმის სკანდალური პოსტი

A+ A-

16:40 12/05/2020

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი, ბოჭორიშვილის კლინიკაში მედპერსონალისთვის, ვირუსის გადადებას ცდილობდნენ. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

უფრო მეტიც, ექიმის თქმით , ამ პაციენტებმა დაანგრიეს და გააოხრეს, რასაც შეეხნენ. სარგებლობდნენ იმით, რომ პატრული ვერ შედის ადვილად ბოქსებში. ლანძღავდნენ პერსონალს და გამოთქვამდნენ ეჭვს, ხომ არ იყენებენ გამოსაკვლევად აღებულ მათ სისხლს სხვა დაავადებულების სამკურნალოდ.

გადელიამ ასევე მადლობა გადაუხადა იმ პაციენტებს, რომლებმა მოთმინება, გაგება და სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს. მისივე თქმიტ, ასეთი პაციენტები უფრო მეტად დააფასა.

„ოდა პაციენტს!

ავადმყოფობა, ფიზიკურ უძლურობასთან ერთად, სულიერი მდგომარეობაცაა. თანაც განსხვავებული, ვიდრე ჯანმრთელი მდგომარეობისას. ამავე დროს, გარკვეულწილად სტატუსიცაა როგორც ოჯახის შიგნით- ასევე საზოგადოებაში. სტატუსი ადამიანის, რომელიც მომეტებულად საჭიროებს ყურადღებას და ზრუნვას.

ვერ გეტყვით, რომ დაავადებისას მთლიანად იცვლება ადამიანი (ცხადია, გააჩნია ავადმყოფობას!) და ანდაზა “კოკასა შიგა რაცა დგას, იგივე გადმოდინდების!” -არ ესადაგება, მაგრამ ხშირადაა ცვლილებები: პრეტენზიულობა, გაეგოისტება, ზოგჯერ დეპრესია, აგრესიულიბა და ა.შ. ძალზედ მნიშვნელოვანია ამ დროს პაციენტისა და ექიმის ურთიერთგაგება, რაც ნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და თანაგანცდაზეა დამყარებული. სწორედ ამ დროს წარმოიშვება ის განსაკუთრებული ემპათია, რომელიც საჭიროდ მორგებულ მედიკამენტებთან ერთად, ძალიან უწყობს ხელს გამოჯანმრთელების პროცესს. ასეთი დამოკიდებულების შემთხვევაში, პაციენტი და ექიმი სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან საუკეთესო, ამავე დროს- მოწიწებამდე საპატივცემულო მეგობრებად. ვერ წარმოიდგენთ, რა ემართება ასეთი პაციენტის ექიმს, დაავადებასთან დამარცხების შემთხვევაში-ისეთი განცდაა, თითქოს ოჯახის წევრივით უახლოესი მეგობარი დაკარგაო!.. ხშირად მინახავს ეს მდგომარეობა და ჩემი აზრით, სწორედ ამის გამოა ექიმთა პროფესია სიცოცხლისთვის მაღალი რისკის შემცველად აღიარებული. სწორედ ეს წუხილი გვაბერებს ნაადრევად..

პაციენტებს შორის ქცევითი თვალსაზრისით განსხვავება, ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ ამ კოვიდ19-ის ეპიდემიის დროს, კლინიკაში ხანგრძლივად დაყოვნების, ოჯახის რამდენიმე წევრის ერთად ავადობის, თავად ამ დაავადებისადმი მსოფლიოს და ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულების გამო, განსაკუთრებით გამოიკვეთა და თვალსაჩინო გახდა ქცევის კულტურა. პაციენტების უმრავლესობა, ზოგჯერ მთელი ოჯახი, უდრტვინველად იტანდა თვეზე მეტ ხანს ამ უნებლიე ტყვეობას. იცავდა შინაგანაწესს, ექიმთა დანიშნულებას. წასვლისას- დიდი მადლიერების გრძნობით დაგვემშვიდობენ, რაც გამოხატეს კიდეც მასმედიით და ფეისბუქით. ამავე დროს, გამოხატავენ მზადყოფნას, დაეხმარონ სხვა პციენტებს, კლინიკას. გაიღონ სისხლი პლაზმისთვის, თუ ეს საჭირო გახდა სხვათა დასახმარებლად. მათ მინდა ოდა მივუძღვნა! მინდა ვიმეგობრობო! მინდა მუდმივი ჯანმრთელობა ვუსურვო და არაკლინიკურ ვითარებაში მქონდეს ურთიერთობა! ესენი არიან ადამიანები, ვინც თავსაც არგებენ ექიმთა დაჯერებით, სხვისი შრომის დაფასებაც იციან და იმათი დახმარებაც უნდათ, ვინც შემდგომში მათ ადგილას იქნება!

…. განსაკუთრებით იმიტომაც დავაფასე ეს პაციენტები, რომ არსებობენ სხვანაირებიც.. მთელი კლასტერი გამოჩნდა პაციენტების, რომლების არსებობას საქართველოში ვერც დავიჯერებდი.. დაანგრიეს და გააოხრეს რასაც შეეხნენ. სარგებლობდნენ იმით, რომ პატრული ვერ შედის ადვილად ბოქსებში. ლანძღავდნენ პერსონალს და გამოთქვამდნენ ეჭვს-“ხომ არ იყენებენ გამოსაკვლევად აღებულ მათ სისხლს სხვა დაავადებულების სამკურნალოდ (აბსურდია, ცხადია- თუმცა მათი ჭკუით ეს რომც გვექნა-საშინელი სიბოროტე იქნებოდა!)?”.. ყველაზე თავხედები კი ცდილობდნენ შეექმნათ პერსონალისთვის დაავადების გადადების საფრთხე!..და, რა თქმა უნდა, მუდმივი უკმაყოფილება, რომ ამდენ ხანს ვაკავებთ და სახლში უკეთესი სადილი აქვთ!..

იყავით ჯანმრთელად, მაგრამ თუ პაციენტობა მოგიწევთ- ენდეთ მკურნალებს! მოთმინებით გადაიტანეთ ეს დრო- გამოჯანმრთელდებით! იყავით სულგრძელნი სამედიცინო პერსონალისადმი და მათზე უკეთესი მეგობრები არ გეყოლებათ! ერთ-ერთი მათგანი კი- ოდასაც მოგიძღვნით!“,  – წერს დავით გადელია.