ვაქცინაციასთან ხუმრობა არ შეიძლება, წინდაუხედავი მოწოდებების გამო, წითელას სერიოზული აფეთქება მივიღეთ - ალექსანდრე გოგინავა
ვაქცინაციასთან ხუმრობა არ შეიძლება, წინდაუხედავი მოწოდებების გამო, წითელას სერიოზული აფეთქება მივიღეთ - ალექსანდრე გოგინავა

A+ A-

12:50 04/05/2020

"ვაქცინა არის ინფეცქციურ დაავადებებთან ბერძოლის №1 საშუალება. ვაქცინაციასთან ხუმრობა არ შეიძლება. ვაქცინა და ჩიპი სხვადასხვა რამეა. რა გაკონტროლება?! რისთვის გაკონტროლება?! - ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიას ჰგავს. წითელას ვაქცინაცინაზეც ბევრი მოწოდება იყო - რომ ის ადამიანებს არ ჩაეტარებინათ. ამ წინდაუხედაობის გამო, წითელას სერიოზული აფეთქება მივიღეთ“.

ასე გამოეხმაურა “2020NEWS“-თან ინტერვიუში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელოს მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს, რადგან მასში შეყვანილი იქნება ჩიპი, რომელიც ადამიანებს გააკონტროლებს.

ინფექციონისტი სააგენტოსთან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ არასებულ ვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  ჩვენი ქვეყანა ამჟამად ვირუსის პიკის გადალახვის პერიოდში იმყოფება.

ალექსანდრე გოგინავა: სავარაუდოა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, პიკურ პერიოდში და პიკის გადავლის პირას ვიმყოფებით. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელებიდან გასულია 6 კვირაზე მეტი, დაწყებულია მე-7 კვირა. 

წესით, მაისის მეორე ნახევრიდან ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ კლება უნდა დაიწყოს, თუმცა საბოლოო შეფასებისთვის გარკვეული დრო უნდა გავიდეს. დაახლოებით, ორკვირიანი დინამიკა უნდა ვნახოთ, როგორ მოხდება ახალი შემთხვევების მატება და რა სიტუაცია იქნება ეპიდკერებში.

- ბატონო ალექსანდრე, ზაფხულში კორონავირუსის უკან დახევის შემდეგშემოდეგომაზე და ზამთარში  ვირუსი ისევ იფეთქებს?

- წინასწარ ასეთი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ყველა ინფექციურ დაავადებას, მათ შორის, კორონავირუსის მსგავსს გადამდებ დაავადებებს,  ახასიათებთ მეორე ტალღა და ა.შ.

საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, იყოს, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქი ფორმით. სავარაუდოა, რომ სადღაც ზამთრისთვის გვექნება ვაქცინა, რომელიც შეამსუბუქებს სიტუაციას. როგორც ავტორიტეტული კვლევები, მეცნიერები გვამცნობენ, დაახლოებით, იანვრის თვეში შესაძლებელია, რომ ბევრი ქვეყნისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს.

- დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის სამკურნალო წამალი ვაქცინაზე ადრე შეიქმნება?

- წამალი შეიძლება, უფრო ადრე შეიქმნას. საუბარია  წამალ “რემდესივერზე“, რომელზეც მიმდინარეობს დაკვირვება. ამ წამალმა სხვადასხვა სერიოზულ კვლევებში კარგი შედეგი აჩვენა. ის განიხილება ერთ-ერთ მთავარ პრეპარატად კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სხვა ახალ პრეპარატებზე, რომლებიც შესაძლოა, 2-3 თვეში მზად გქვონდეს.

- ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ საზოგადოებამ კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს, რადგან მასში შეყვანილი იქნება ჩიპი, რომელიც ადამიანებს გააკონტროლებს. ასტროლოგი ვირუსის შექმნელად ბიზნესმენ მილიარდერს, ბილ გეიტს ასახელებს. უნდა ეშინოდეს თუ არა საზოგადოებას ვაქცინის გაკეთების?

- ასეთი მოსაზრება, რა თქმა უნდა, რეალური არ არის. ამაზე კომენტარის გაკეთება  ცოტა გამიჭირდება. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ვაქცინა არის ინფეცქციურ დაავადებებთან ბერძოლის №1 საშუალება. ვაქცინაციასთან ხუმრობა არ შეიძლება.

ვაქცინა და ჩიპი სხვადასხვა რამეა. რა გაკონტროლება?! რისთვის გაკონრტოლება?! - ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიას ჰგავს. წითელას ვაქცინაცინაზეც ბევრი მოწოდება იყო - რომ ის ადამიანებს არ ჩაეტარებინათ. ამ წინდაუხედაობის გამო, წითელას სერიოზული აფეთქება მივიღეთ. თუ იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიური ვაცინა, მისი არგამოყენება შეთქმულების თეორიის გამო, ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია.

ვიცი, რომ ბილ გეიტსი ქველმოქმედი ბიზნესმენია. რა მიზანი აქვს ბილ გეიტს?! ან როგორ უნდა გააკონტროლოს მან ხალხი?! - ამ საკითხზე ლოგიკური პასუხი არ მაქვს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე