კიევის პეჩორის ლავრაში 26 პირს კორონავირუსი დაუდგინდა - ლავრის მიტროპოლიტი თვითიზოლაციაშია
კიევის პეჩორის ლავრაში 26 პირს კორონავირუსი დაუდგინდა - ლავრის მიტროპოლიტი თვითიზოლაციაშია

A+ A-

19:59 09/04/2020

დღეს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ  შესაბამისმა სამსახურებმა კიევის პეჩორის ლავრაში  26 ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაადგინეს. 

კლიჩკოს თქმით, უკვე ძნელია იმის წარმოდგენა, რამდენად შორსაა დაავადება გავრცელებული.

ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „РБК“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში, კიევში ინფიცირების 41 ფაქტია ლაბორატორიულად დადასტურებული, აქედან - 26 სწორედ კიევის პეჩორის ლავრაში.

„ნამდვილად არ მაქვს დამამშვიდებელი ინფორმაცია. დღეს კიეველების ინფიცირების ფაქტები თითქმის გაორმაგდა, წინა დღეებთან შედარებით. მონაცემი 41 ადამიანამდე გაიზარდა. დაფიქსირებული ფაქტებიდან 26 კიევის პეჩორის ლავრაშია გამოვლენილი.

ახლა უკვე ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნება ინფექციის შემდგომი გადაცემის ჯაჭვი“, - განაცხადა კიევის მერმა.

როგორც გამოცემა „რელიგიური სიმართლე“ წერს,  კიევის პეჩორის ლავრის წარმომადგენლებმა ლაბორატორიული ანალიზები კორონავირუსზე 4 აპრილს ჩააბარეს. მეორე დღეს 4-ს ვირუსი დაუდასტურდა, მათგან ერთ-ერთი იყო მიტროპოლიტი პავლე, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"ჩვენ არ ვართ ანგელოზები და ავადმყოფობის უფლება გვაქვს, სურვილი არ გვაქვს, მაგრამ ღმერთს ასე სურს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ვიდეომიმართვაში.

უკრაინული გამოცემები იტყობინებიან, რომ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პეჩორის ლავრაში მორწმუნეებს, ფაქტობრივად, სახელმწიფოს დადგენილი საკარანტინო წესების იგნორირებისკენ მოუწოდეს.

ხოლო მიტროპოლიტმა პავლემ განაცხადა, რომ ეკლესია გადარჩენას არ საჭიროებს. „ეკლესიას არ სჭირდება არავის გადარჩენა, ეკლესია საკუთარ თავს თავად გადაარჩენს. ვირუსი შედეგია საშინელი ცოდვებისა, რომლებიც ღუპავს სულს“, - თქვა მიტროპოლიტმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1892 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, აქედან კიევში - 335, გარდაცვლილი კი - 57 ადამიანია. 

რუსა მუმლაძე