ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში შეცდომები დაუშვა და აღიარონ - რომან გოცირიძე
ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში შეცდომები დაუშვა და აღიარონ - რომან გოცირიძე

A+ A-

17:43 09/04/2020

"ხელისუფლებას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. ყველაზე სწორი გზა იქნება აღიარონ, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომა, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით, სწრაფი ტესტირება არ დანერგა“. ამის შესახებ “2020NEWS“-თან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარს ტესტირება საერთოდ არ უტარდება. უნდა ვთქვა, რომ ის სურათი, რაც ჩვენთან არის, რეალობას არ შეესაბამება. როგორც იქნა, მთავრობამ სწრაფი ტესტების გაკეთება გადაწყვიტა. არადა, უამრავი ადამიანი საჭიროებს ტესტირების გაკეთებას. ტესტირების ჩატარების შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ვირუსი  ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა. რაც უფრო მალე გამოსწორდება შეცდომები, მით უფრო კარგი იქნება“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე სააგენტსთან ქუთაისის, ონისა და თერჯოლის მერების გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცახდა, რომ  “მერების თანამდებობიდან გათავისუფლება არაფორმალური მმართველობის სიმახინჯეს უკავშირდება“.

“მერების თანამდებობაზე ვინც არ უნდა დაანიშნონ, შედეგი იქნება მსგავსი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ვერტიკალური მართვა.  ასეთი არაფორმალური მმართველობის სიმახინჯე, საბოლოო ჯამში, ქვეყანას აზიანებს. ნუ ვეძებთ დიდ სიღრმეებს წარუმატებელი ჩინოვნიკების გათვისუფლებაში“, - განაცხადა გოცირიძემ.  

გოცირიძე მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის არარსებობის გამოც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მთავრობა საკუთარი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებს.  

“მთავრობამ განაცხადა, რომ ანტიკრიზისული გეგმა ექნებოდა, მაგრამ  გეგმა არ არსებობს. სად არის პარლამენტში კანონპროექტი წარმოდგენილი?!  მთავრობის მიერ ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილ 2 მილიარდში იგულისხმება, რომ ნაწილი არის ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები. საგადასახადო შეღავათების დაწესებას საგადასახადო კოდექსში ცვლილებები სჭირდება, რაც პარლამენტის გარეშე ვერ განახორციელდება.

როდის შეიკრიბება პარლამენტი და როდის შემოგვთავაზებს იმ ცვლილებებს, რომლის განხორციელებას ბიზნესს  შეპირდნენ?! ფაქტივრივად, რა განცხადებებსაც მთავრობა აკეთებს, ეს არის ლამაზი სურვილების ერთობლიობა, რომელთა აღსრულების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე